ახალი ამბები
დადიანების მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე, კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუზეუმის დირექტორმა დავით ოყუჯავამ უთხრა. მისი თქმით, ქანდაკების გაუჩინარება დილის 9 საათზე შეიტყვეს, როდესაც უსაფრთხოების სამსახური ეზოში შემოვლას აკეთებდა. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია ქანდაკების პიედესტალი, ხოლო განათება შეტრიალებულია.

"შესაბამისად, შევატყობინე ყველა სამსახურს, კულტურის სამინისტროც საქმის კურსშია. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ექსპერტები ადგილზე მუშაობას ახლახან მორჩნენ", - თქვა ოყუჯავამ.

გვიან ბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნის ბრინჯაოს ქალღვთაების ქანდაკებები არქეოლოგებმა ცაიშის სამარხებში აღმოაჩინეს,  მხედარი ქალი, რომელსაც მკერდთან ბავშვი ჰყავს მიხუტებული, ხოლო ცალ ხელში თასი უჭირავს და უნაგირზე გვერდულად ზის. ანალოგი დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე 2018 წელს დაიდგა, თუმცა ის 2019 წლის მაისში დააზიანეს. მოგვიანებით მერიამ, დაახლოებით, 6 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და ქანდაკებას რესტავრაცია ჩაუტარდა





Print