ახალი ამბები
ენმ ზუგდიდის მერიის ააიპ-ების საქმიანობის შესწავლას ითხოვს
ენმ-ის ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებმა მუნიციპალური ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ მერიის რამდენიმე იურიდიული პირის საქმიანობა მიმოიხილეს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ააიპ-ების უმრავლესობა გადატვირთულია და შეუსაბამო რაოდენობის კადრებითაა დაკომპლექტებული. 

"იმისათვის, რომ გამართლდეს ჩვენი საქმიანობა ზუგდიდელების წინაშე, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ უნდა შეიქმნას დროებითი სამუშაო კომისია, რომელიც შეისწავლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან არსებული ააიპ-ების საქმიანობას. მუნიციპალიტეტთან დარეგისტრირებული სხვადასხვა ცენტრები გადატვირთულია, არ ჩანს რას აკეთებენ ადამიანები რომლებიც იქ მუშაობენ. ერთ-ერთი მაგალითი მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი", რომლის დაფინანსებაც 4 მილიონ ლარს შეადგენს, სულ 313 თანამშრომელი ჰყავს. აღნიშნულ ცენტრში არსებული საქმიანობების დუბლირება ხდება "ზუგდიდასუფთავების" სამსახურშიც. "კეთილმოწყობაში" არის 10 განყოფილება, შესაბამისად 10-ივეს ჰყავს განყოფილების გამგე, 2 მოადგილე და თანაშემწე. ჰყავს პიარ-მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - უფროსი და 2 თანამშრომელი, რომელთა მოვალეობაცაა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობა. გისვამთ შეკითხვას ჟურნალისტებს - რომელიმე თქვენგანს, გქონიათ თუ არა ამ ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია. არსად არაფერი არ ჩანს, გარდა იმისა რომ აქვთ ფეისბუქ გვერდი და დებენ 1-1 პოსტს", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა მაია კალანდიამ.

აღნიშნული წინადადებით ოპოზიციურმა პარტიამ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენიმე დღის წინაც მიმართა. ენმ-ის წევრები საკრებულოს აპარატის და მერიის ააიპ-ების რეორგანიზაცია​ს, კერძო აუდიტის მოწვევასა და სახელფასო ფონდის შემცირებას ითხოვენ.
Print