ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლების ნაწილში გამგებლები იცვლებიან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში მერის წარმომადგენლები შეიცვალნენ. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" უშუალოდ ყოფილმა გამგებლებმა დაუდასტურეს. თითოეული მათგანი ამბობს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების მოტივი მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვაა.

რადიო "ათინათმა" სოფლის გამგებლებს მერიის ვებ-გვერდზე მითითებულ ნომრებზე დაურეკა, ნაწილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ნაწილმა კი ცნობა მათი გათავისუფლების შესახებ დაგვიდასტურა. მაგალითად, ძველ პოზიციებს აპრილის ბოლოდან აღარ იკავებენ ორულუს, ახალაბასთუმნის, ახალკახათის, ოქტომბრის სოფლის გამგებლები.

რაც შეეხება მერიის პოზიციას, პრესსამსახურში განმარტეს, რომ ახალი რწმუნებულები უკვე ჰყავთ რუხს, კორცხელს, ჯუმს, ოქტომბერს.

მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას განცხადებით კი, გამგებლების ცვლილებები განახლების პროცესს უკავშირდება.

„ეს არის განახლების პროცესი, მოდიან ახალი კადრები, ახალი შემართებით და იდეებით, მოსახლეობასთან განახლებული კომუნიკაციით, რომლებიც მერიისა და მათ წარმომადგენლობით ფუნქციონირებას უკეთ განახორციელებენ, რაც არის ჩვენი მთავარი პრინციპი, მოსახლეობასთან ინტენსიური მუშაობა, მათგან პრობლემების მოსმენა, ამის ასახვა სამოქმედო გეგმაში, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რაც გამოწვევების ადეკვატური პასუხი იქნება“, - უთხრა რადიო "ათინათს" წოწერიამ.

მერიაში ასევე ამბობენ, რომ პროცესი გრძელდება.

Print