ახალი ამბები
შენი სიჩუმე კლავს! - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი დაიგეგმა
დღეს, 22 მაისს, ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია "შენი სიჩუმე კლავს" ჩატარდება. მისი ორგანიზატორები საქართველოს შემეცნებითი ცენტრი, "ფემინა" და ადგილობრივი ქალთა ორგანიზაცია "გვირილა" არიან. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქცია-პერფომანსი ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად დაიგეგმა.

"21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შვილების თვალწინ ქმარმა ცოლს სიცოცხლე მოუსპო. ჩვენ, ამ ტრაგიკული ფაქტით უკიდურესად შეძრწუნებული ადამიანები, ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღმდეგ გამოვდივართ და ვიკრიბებით", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

ზუგდიდში აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ბათუმსა და თბილისში 18 საათზე.

ზუგდიდელი მამაკაცი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი საზოგადოებრივ ტრანსპორტში დანით მოკლა, გუშინ დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

მამაკაცი, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, ზუგდიდელია
Print
თეგები: აქცია / ზუგდიდი /