ახალი ამბები
ზუგდიდელი ქალის მკვლელობა მდუმარე აქციით გააპროტესტეს (ფოტო)
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელმა ქალებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს. შეკრებილების თქმით, დღეს ისინი ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად გამოვიდნენ და გმობენ ფემიციდის ხშირ შემთხვევებს, მათ შორის კი გუშინ მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ზუგდიდელი ქალი ქმარმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოკლა.

"ადამიანმა საკუთარი შვილების, დის და დისშვილების თვალწინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალს, უხეშად რომ ვთქვათ, ყელი გამოჭრა. არ ვიცი როგორ შეიძლება ამის შეფასება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, არც საქართველოში და არც მსოფლიოში. გამოვდივართ ქალის სიცოცხლის ხელშეუხებლობის მხარდასაჭერად და ვცდილობთ, რომ აქციის ფარგლებში, ხმა მივაწვდინოთ საზოგადოების იმ ნაწილის, რომელმაც მდუმარება არჩია, თან კი ამ ყველაფრის მომსწრე იყო. საზოგადოების მხრიდან გულგრილობას ჰქონდა ადგილი და ამ ჯაჭვური რეაქციით მივედით იმ ფატალურ შემთხვევამდე, რასაც ჰქვია - სოფოს სიცოცხლე დასრულდა", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქალთა ასოციაცია "გვირილას" დამფუძნებელმა ეთო ალმასიამ.

"არ მომიკლა დედა", "არ გაწირო, არ გაჩუმდე", "შენი სიჩუმე კლავს", - ამ სახის ტრანსპარანტები ეჭირათ აქციის მონაწილეებს. მათ სიმბოლურად შავი ტანსაცმელი ეცვათ.

"პირველ რიგში მოვედი, იმიტომ რომ ვარ ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების თავშესაფრის სოციალური მუშაკი და როგორც პროფესიონალს, მევალებოდა აქ დგომა. მეორე და უმთავრესი, რის გამოც ვარ აქ, ვარ ქალი, მყავს 2 ქალიშვილი, რომელთა სიცოცხლესაც ვიცავ ჩემი აზრით აქ დგომით. ალბათ მეტი განათლებაა საჭირო ადრეული ასაკიდან გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახში როლების გადანაწილებაზე, თუმცა ამის გამკეთებელი ჯერ არავინ ჩანს", - უთხრა ჟურნალისტებს ასოციაცია "მერკურის" წარმომადგენელმა ანა თოდუამ.

მსგავსი აქციები დღეს ბათუმსა და თბილისში 18 საათზე გაიმართება.

ზუგდიდელი მამაკაცი, რომელმაც ცოლი საზოგადოებრივ ტრანსპორტში დანით მოკლა, გუშინ დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print