ახალი ამბები
ზუგდიდელი ქალის მკვლელობისთვის მის ქმარს პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს - როინ მებონიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, დაცვის მხარე კი პროკურატურის პოზიციას პატიმრების გამოყენების თაობაზე დაეთანხმა.

ადვოკატის სულხან კომახიძის თქმით, მებონიას ჯანმრთელობის მძიმე ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, რის გამოც ბრალს არ უარყოფს, მაგრამ ფაქტებს ვერ იხსენებს.

პროკურორის განცხადებით კი, დაღუპულ 31 წლის სოფო კვარაცხელიას კისრის არეში 10-მდე ჭრილობა აქვს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შესაძლოა, ჭრილობების რაოდენობა გაიზარდოს.

გამოძიების ინფორმაციით, 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში, როინ მებონიამ მეუღლეს სოფი კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის რამდენიმე ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელი ქალის მკვლელობა მდუმარე აქციით გააპროტესტეს (ფოტო)

მამაკაცი, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, ზუგდიდელია


Print