ახალი ამბები
ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება - ზუგდიდში საგამოცდო ცენტრი №4 საჯარო სკოლაში მოეწყობა
ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გამოცდებზე წელს არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა. ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დადასტურდება, მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება და ისინი საგამოცდო პროცესს არ ჩამოშორდებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

"დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ივნისის მეორე ნახევრიდან შეძლებენ", - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

2022 წლის გამოცდების განრიგი ხელისაწვდომია ბმულზე. წელს საგამოცდო ცენტრი მეორე საჯარო სკოლის ნაცვლად ქალაქ ზუგდიდის №4 საჯარო სკოლაში მოეწყობა.


Print