ახალი ამბები
მეთადონის პროგრამით დღეიდან რუხის საავადმყოფოში ისარგებლებენ - ზუგდიდის მერია
​დღეიდან მეთადონის პროგრამით მოსარგებლე ადამიანები რუხის კლინიკაში მიიღებენ მათთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო მომსახურებას. ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნულ დაწესებულებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან მოძრაობს.

"მეთადონის პროგრამით მოსარგებლე ადამიანები დღეიდან, კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებენ მათთვის განკუთვნილ საერაბილიტაციო მომსახურებას. ბენეფიციარებისთვის აღნიშნული პროგრამა იფუნქციონირებს რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. ამასთან, აღსანიშნია ის გარემოებაც, რომ ამ მიმართულებით დილის 07:15 წუთიდან საღამოს 19:00 საათამდე მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც პროგრამით მოსარგებლეებს დანიშნულების ადგილამდე გადაადგილებას გაუმარტივებს", - გვითხრეს მერიაში.

მასალა ზუგდიდში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის განყოფილების გადატანის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე წლის 2 მაისს გამოვაქვეყნეთ. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მოსახლეობა ცენტრის გადატანას მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიით მოსარგებლეთა ქცევისა და უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო ითხოვდა. მოქალაქეებმა ამ მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს არაერთხელ მიმართეს, ბოლოს კი ადგილობრივ ხელისუფლებას წერილი გაუგზავნეს. თავის მხრივ, ზუგდიდის საკრებულომ მოქალაქეთა მხრიდან შემოსული კოლექტიური წერილის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

მოგვიანებით, 11 მაისს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტში რადიო "ათინათის" მასალაში გამოყენებული ფოტოები მიიტანა და ჯანდაცვის მინისტრს მათი დათვალიერება შესთავაზა.



ამავე თემაზე: 

ზუგდიდში იმ ცენტრის გადატანას ითხოვენ, რომლითაც მეთადონის პროგრამის ბენეფიციარები სარგებლობენ

ანა წითლიძემ ჯანდაცვის მინისტრს ზუგდიდში მეთადონის პროგრამით მოსარგებლეთა ცენტრის სხვაგან გადატანა სთხოვა

მეთადონის პროგრამას სავარაუდოდ რუხის კლინიკაში გადაიტანენ
Print