ახალი ამბები
ზუგდიდში აქციის მონაწილე ექიმებს ვახტანგ ყოლბაია შეხვდა
ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებსა და მედპერსონალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, ვახტანგ ყოლბაია შეხვდა. როგორც მან თქვა, ის ჩამოვიდა, იმისთვის, რომ სიღრმისეულად გაერკვეს სიტუაციაში, რომელსაც დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები აპროტესტებენ, სამედიცინო დაწესებულების სავარაუდო გასხვისებასთან და რეგიონის სხვა კლინიკებთან გაერთიანების გამო.

"არის დაძაბული სიტუაცია, რომელშიც ვაპირებ სხვებთან ერთად გარკვევას. უშუალოდ ჩემი კომპეტენცია ეს არ არის, მაგრამ, მე როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, ვარ აქ ჩემს კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან, რომლებსაც ვიცნობ 30 წელზე მეტია...უყურადღებოდ არ დარჩება არც ერთი თქვენი გამონათქვამი, არც ერთი თქვენი წუხილი და ყველაფერი იქნება ისე, როგოც თქვენს კოლექტივს უნდა, იმიტომ, რომ თქვენი კოლექტივი არის მთავარი ძალა, რომლესაც მიმართავს ჩვენი დევნილი საზოგადოება", - უთხრა შეკრებილებს ყოლბაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს, დევნილთა პოლიკლინიკის სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან გაერთიანების შესახებ, ყოლბაიამ უპასუხა, რომ ეს არის მთავრობის კომპეტენცია, ჯერ მათ უნდა დაეკითხოს და ზუგდიდში სწორედ ამ ამბის გასარკვევად ჩამოვიდა.

თავის მხრივ აქციის მონაწილე ექიმები ამბობენ, რომ ისინი აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ და ვახტანგ ყოლბაიას ჩამოსვლა არაფერს ცვლის.

"ეს გასარკვევი იყო თბილისში და არა აქ. ჩვენი პოზიცია არის გარკვეული, არანაირ მოლაპარაკებაზე არ მივდივართ. ჩვენი უფლებები ვიცით და დავიცავთ მათ, ჩვენ უკან დგას პროფესიული კავშირები და პოლიკლინიკა, რომელიც ჩვენი სახსრებით არის აშენებული...არ გვინდა ისეთი გაერთიანება, რომ ჩვენ შემოგვიერთონ არარენტაბელური ხობი და ნაკლებად რენტაბელური ჯვარი", - ამბობს დევნილთა პოლიკლინიკის ექიმი ნანა ქობალია.

უკვე მეორე კვირაა, ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლები, იმ სავარაუდო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.  რომლის თანახმადაც ეკონომიკის სამინისტრო კლინიკის გასხვისებას გეგმავს. ექიმები ამბობენ, რომ აღნიშნულის გამო უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ, ხოლო მათი 50 000-მდე ბენეფიციარი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებს. ამასთან, ისინი განმარტავენ, რომ კლინიკას, რომელთა ბენეფიციარების უმრავლესობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია, გააჩნია გარკვეული შეღავათები მოსახლეობისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით კი დევნილთა პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს. მან აღნიშნულს სრული დეზინფორმაცია უწოდა. 


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

დევნილთა პოლიკლინიკაში მართვის ახალი სისტემა ინერგება, მისი გასხვისების თემა დეზინფორმაციაა - აფხაზეთის მთავრობა

დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები ზუგდიდში აქციას მართავენ
Print