ახალი ამბები
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა პოლიციაში გამოკითხეს
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მისი კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციაში გამოკითხეს. ხარჩილავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავების კითხვებს უპასუხა და ამასთან, საკუთარი ვერსიები მიაწოდა მათ.

"ვუპასუხე, რომ მანქანა გამართული იყო 100%-ით. ვუთხარი, რა დროს მოვედი და როგორ გავიგე ხანძრის შესახებ. ასევე მთავარ შეკითხვაზე, წინა პერიოდებში იყო თუ არა მუქარები ან რაიმე უჩვეულო ხომ არ შემინიშნავს, ვუთხარი, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ ჩემი დასკვნებიც წარმოვუდგინე. ნავთობპროდუქტის ნამწვის ზოლი მაძლევდა სრულ უფლებას, რომ ვივარაუდო ეს არის ადამიანის მიერ, შეგნებულად გაჩენილი ხანძარი. დაწყებულია გამოძიება 187-ე მუხლით, მაგრამ შესაძლებელია გადაკვალიფიცირდეს. ეს არის ძალიან რთული შემთხვევა. ეს არ არის მხოლოდ მანქანის განადგურება, აქ იყო საშიშროება აფეთქების, ბენზინის ავზი სავსე იყო. აფეთქებით სამეზობლოში ხანძრის გაჩენის საშიშროება იყო. იმუშავა სახანძრო ბრიგადებმა და შევძელით ამ საშიშროების თავიდან აცილება",- განაცხადა გია ხარჩილავამ.

მისივე ინფორმაციით, პოლიცია სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და მიმდინარეობს მიმდებარედ კამერების ჩანაწერების დათვალიერება, აგრეთვე ექსპერტიზაზეა გაგზავნილი ბოთლი, რომელიც შემთხვევის ადგილას იპოვეს.

წალენჯიხის მერის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება გია ხარჩილავას სახლის წინ, სავარაუდოდ, წუხელ გვიან დაწვეს. შს სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.



Print