ახალი ამბები
ბადრი ესებუა დააკავეს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციამ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა დააკავა. რადიო "ათინათი" ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. 

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს ლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

სამინისტრომ აღნიშნულ საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში პოლიციამ მისი ძმა, ბიძინა ესებუა, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების და ძებნილი ძმის დახმარების ბრალდებით დააკავა და სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ამით პოლიციამ მასზე "ძმის გამო იძია შური".



Print