ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე არასამთავრობო სექტორმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიმართვა გააჟღერეს
ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პოზიცია"უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართეს და მოუწოდეს ხმა აიმაღლონ ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ. "იდენტურმა კანონმა რუსეთში მოკლა თავისუფალი და კრიტიკული აზრი, დაასამარა დემოკრატია, რომელმაც თავის მხრივ გააძლიერა პუტინის ავტორიტარული რეჟიმი. რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება", - აღნიშნეს მათ.მიმართვისას სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხელში ეკავათ ფურცლები წარწერებით: "არა ქვეყნის რეგრესს",  "ევროპა ჩვენი არჩევანია", "არა რუსულ ზრახვებს", "ჩვენი მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა", "აგენტები მოიკითხეთ პარლამენტში" და სხვა.დღევანდელი სხდომა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ "ქართული ოცნების" წევრებს.
Print