ახალი ამბები
გავრილოვი თქვენი ღმერთია - ზუგდიდის მერიაზე წარწერისთვის მოქალაქე დააჯარიმეს
ზუგდიდის მკვიდრმა ალექსანდრე მოლაშხიამ ზუგდიდის მერიაზე წარწერა "გავრილოვი თქვენი ღმერთია" დატოვა. მისი თქმით, ამ ქმედებით მან ხელისუფლების ე.წ "რუსულ კანონთან" დაკავშირებული დამოკიდებულება გააპროტესტა. ის პოლიციამ დააკავა, თუმცა, მალევე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ზედამხედველობის სამსახურმა მოლაშხიას 500 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

"კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულება და მცდელობაა, რომ რუსეთისკენ გაგვაქანონ, ამას ახალგაზრდები არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ, გავაგრძელებთ ბრძოლას. მალე მოუწევთ სახლში წასვლა, ესაა, მეტი არაფერი. "ნაციონალურ მოძრაობას" ვებრძოდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ესენი იყვნენ იმ პარტიაში, მაგრამ ისიც შემიძლია გითხრათ, რომ 2014 წლიდან უკვე ვებრძოდი ამათ, იმიტომ რომ მივხვდი, ეს არაა ხელისუფლება, რომელიც გვჭირდება", - ამბობს მოლაშხია, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო. 

მისი თქმით, ის არ აპირებს ჯარიმის გასაჩივრებას და "500 ლარს ბიძინა ივანიშვილს აჩუქებს".

სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია, რომელმაც 2008 წლის 15 აგვისტოს, ხმა მისცა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ის თბილისში, 2019 წელს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე იყო ჩამოსული, რა დროსაც პარლამენტის მთავარი დარბაზიდან მიმართა დამსწრეებს. აღნიშნულმა მოქალაქეების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, რა დროსაც ხელისუფლებამ დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
Print