ახალი ამბები
დღეს ზუგდიდში მოქალაქეები ევროკავშირის დროშებით მშვიდობიან აქციას გამართავენ
დღეს, 14 საათზე ზუგდიდის სკეიტ-პარკში მოქალაქეები ეროვნული და ევროპული დროშებით შეკრებას გეგმავენ. აქციას სამოქალაქო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯგუფები და ადგილობრივი ახალგაზრდები უერთდებიან. მათი თქმით, ამ გზით ისინი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებას გამოხატავენ.

რადიო "ათინათი" ერთ-ერთ მათგანს, ეკა მინჯორაიას ესაუბრა. მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ 26 მაისის ღონისძიებების ტერიტორიაზე არ არის განთავსებული ევროკავშირის სიმბოლიკა, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ პირობებში, როცა ქვეყანა ევროპულ კავშირში გაწევრიანებაზე კანდიდატის სტატუსს ელოდება. 

"ქალაქში, ბულვარის გასწვრივ, სადაც არის ძირითადი სივრცე დღევანდელი ღონისძიების, ვერ შევნიშნეთ რატომღაც ევროკავშირის დროშები, რაც ძალიან გაგვიკვირდა, გამოვხატეთ კიდეც ჩვენი გულისწყრომა სოციალურ ქსელში. მოქალაქეების ინიციატივით გავალთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი განწყობა, სწრაფვა ევროპული მომავლისაკენ. წლევანდელი სლოგანი კი არის "თავისუფლების სიყვარულით", თუმცა, თავისუფლება ვერ მოვა ევროპული პერსპექტივის გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყანა ელოდება ევროკავშირში გაწევრიანებას, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეს სიმბოლო", - აღნიშნა მინჯორაიამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის თავზე ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადებიან. ზვიად გამსახურდიას გამზირზე სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი, ღონისძიებები კი ორ საათზე დაიწყება.
Print