ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში ღია კაფე-ბარი მოეწყობა - აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სამწლიანი იჯარით გაასხვისა ადმინისტრაციის შენობის ნაწილი, სადაც კაფეტერია და ღია ბარი მოეწყობა. მერიის საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსის ლაშა ახალაიას ინფორმაციით, გამარჯვებულმა შპს "ბონ აპეტიტმა" ყოველწლიურად 46 420 ლარი უნდა გადაიხადოს, სანაცვლოდ კი მას აღნიშნული ობიექტის განკარგვის უფლება მიენიჭა.

"ხელშეკრულება 9 აგვისტოს გაფორმდა და გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო კიდეც", - უთხრა რადიო "ათინათს" ახალაიამ.

ელექტრონული აუქციონი
, რომლის საწყისი ფასი 25 920 ლარი იყო, მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადდა. მანამდე გამოცხადებული აუქციონი არ შედგა, უფრო ადრე კი გამარჯვებულმა ვალდებულებები ვერ შეასრულა.

კაფე-რესტორანი ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის შენობის ნაწილში რამდენიმე წლის წინ იყო მოწყობილი.

ამჟამინდელი პირობების თანახმად კი, გამარჯვებული ფართით სამი წლის განმავლობაში ისარგებლებს. მოიჯარე შეზღუდული იქნება სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რათა უძრავი ქონების იერსახე არ დამახინჯდეს. ასევე, არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. ასევე, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე წელიწადში 10 დღით სადღესასწაულო და ცალკეული ღონისძიებების მოსაწყობად დაეთმოს იჯარით გაცემული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის წინ 200 მ2 ფართი.


Print