ახალი ამბები
ზუგდიდის კულტურის სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა
ზუგდიდის კულტურის სახლის ყოფილი შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია 1 610 000 ლარად გაიყიდა. ელექტრონულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, აუქციონი 11 სექტემბერს შეწყდა. უფრო ადრე მერია აღნიშნულ ობიექტს სამ მილიონ ლარად ყიდდა.


აუქციონის პირობების თანახმად, შემსყიდველმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელიწადში სრული საინვესტიციო პროექტი უნდა წარადგინოს, ნებართვის გაცემიდან სამი წლის ვადაში კი ობიექტი ექსპლუატაციაში მიიღოს.

"უძრავი ქონების ფუნქციურად გამოყენების ნებადართულ სახეებად განისაზღვროს: ა) მრავალფუნქციური შენობა; ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების, სავაჭრო და საოფისე ობიექტი; დ) სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ე) კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ვ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; ზ) სასტუმრო; თ) ადმინისტრაციული ობიექტი; ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი; კ) გასართობი დაწესებულება, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა; ლ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; მ) სავაჭრო ცენტრი", - ვკითხულობთ ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე მითითებულ განმარტებაში.








Print