ახალი ამბები
"მეჯლისის" გამო ნიკოსეული სასახლე ვიზიტორებისთვის - 12, დედოფლისეული კი 4 დღით დაიხურება
დღეიდან, 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე და მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკა ვიზიტორებისათვის დაიხურება. ინფორმაციას დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, დედოფლისეული სასახლე იმუშავებს სტანდარტული გრაფიკით 10 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო 11, 12, 13 და 14 ოქტომბერს, მუზეუმი დამთვალიერებელთათვის სრულად დაიხურება.

გარდა ამისა, ადმინისტრაცია იუწყება, რომ შეზღუდვები სასახლის ეზოში საქორწილო ფოტოსესიისა და ხელმოწერის ცერომინიის გამართვის მსურველებსაც შეეხება.

ჯერჯერობით, აკრძალვა არ ეხება დადიანების სასახლეთა ეზოში შესვლას. 

ადმინისტრაცია დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა უთითებს ტელეფონის ნომერს (595 28 76 76), რომელზეც დაკავშირებაა შესაძლებელი.

გადაწყვეტილება „საშობაო მეჯლისს“ უკავშირდება, რომლის გადაღებები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, უფლისწულის სასახლესა და მის წინ მდებარე ისტორიულ პარკში, 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლითაა დაგეგმილი.

აღნიშნული პროექტი მესამე წელია, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. სატელევიზიო პროდუქტი კი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადის.

უცნობია, რამდენი დაუჯდა სამინისტროს ღონისძიების ორგანიზება და გადაღება. საჯარო ინფორმაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რადიო "ათინათმა" ვერ მიიღო ცნობები შესაბამისი ხარჯების შესახებ. 

ამავე თემაზე:

დადიანების სასახლის ეზოში ხანძარი გაჩნდა

დადიანების სასახლეთა მუზეუმი და ეზო "მეჯლისის" გამო დაიხურება

ზუგდიდში "საშობაო მეჯლისის" დეკორაციებს ისევ აწყობენ

მეჯლისი ზუგდიდის დადიანების სასახლეში და აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში (ფოტო)


Print