ახალი ამბები
ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშისთვის ერთი ვარსკვლავი ზუგდიდში შეიკერა (ფოტო)
ზუგდიდში, სოციალურ საწარმო "ჰანგში" ევროკავშირის დროშის 12 ვარსკვლავიდან ერთ-ერთი შეკერეს, რომელიც ევროკავშირის ყველაზე დიდ დროშაზე თბილისში უნდა დაიტანონ.
მოგვიანებით, ადგილობრივმა აქტივისტებმა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დადიანების სასახლის ეზოში ვარსკვლავი გაშალეს.

ერთ-ერთი მათგანი "სამართლიანი არჩევნების" რეგიონული ხელმძღვანელი დავით ლოგუაა. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დროშაზე დატანილი 12 ვარსკვლავის შესაკერად 12 ქალაქი შეირჩა, მათ შორის ერთ-ერთი ზუგდიდია. ზუგდიდელები კი თვლიან, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული სახლი და არჩევანია.

"ადამიანები, რომლებსაც გვინდა, რომ ევროკავშირი გახდეს ჩვენი სახლი და საქართველო იყოს ამ საერთო სივრცის ნაწილი, დღეს შევიკრიბეთ და ამ ვარსკვლავის გაშლით კიდევ ერთხე ვამბობთ საერთო სათქმელს", - აღნიშნა ლოგუამ.
ღონისძიების ორგანიზატორი, აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ დღეს ზუგდიდში შეიკერა და გაიშალა სამეგრელოს ვარსკვლავი.

"ევროპის მოედანზე გაიშლება ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა, ეს რეკორდი მოიხსნება საქართველოში. ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთად მოგვეარა 12 მუნიციპალიტეტი და მარშზე ყველანი ერთად, თბილისში გავშლით დროშა, რომელიც დამზადდება ყველა რეგიონში. ევროპამ ძალიან კარგად იცის, რომ მიუხედავად რუსულ პროპაგანდასთან წლების მანძილზე შიშველი ხელით ბრძოლისა, ჩვენ გავიმარჯვეთ და საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ ის არის ერთგული საკუთარი არჩევანის ", - თქვა მან.

აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 9 დეკემბერს გაიმართება ევროკავშირისადმი მიძღვნილი მარში, რომელიც სათავეს რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს და ევროპის მოედანზე დასრულდება.

Print