ახალი ამბები
სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნახატების ნაწილს სარესტავრაციოდ რუსეთში წაიღებენ
სოხუმის სამხატვრო გალერეაში ხანძარს გადარჩენილი ზოგიერთი ნახატი შეიძლება მთლიანად აღდგეს, ამის შესახებ რუსმა რესტავრატორებმა განაცხადეს, წერს "აფსნიპრესი". 

"ჩვენ ზეთის მხატვრობის დარგის სპეციალისტებთან ერთად ჩამოვედით. სწორედ ამ ტექნიკით შესრულებული ნახატებია ყველაზე მეტად დაზიანებული. ჩვენ გვაქვს ხანძრის დაზიანებასთან მუშაობის გამოცდილება. სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუქცევადი პროცესი დაიწყება", - განმარტა რუსეთის მუზეუმებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატალია ჩეჩელმა. 

ამავე ცნობით, ნახატების ნაწილი რესტავრაციისთვის მოსკოვისა და სანქტ - პეტერბურგის სპეციალიზებულ დაწესებულებებს გადაეცემა.

რუსი რესტავრატორების პირველი ჯგუფი სოხუმში 25 იანვარს ჩავიდა.

მანამდე საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განაცხადა, რომ მზადაა სოხუმში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში ჩაერთოს.

აფხაზეთის "ეროვნული სამხატვრო გალერეის" დირექტორი სურამ საქანია გამოეხაურა ამ ინიციატივას და დადებითად შეაფასა ის, თუმცა აღნიშნა, რომ ექსპონატების აღდგენაში ქართველი კოლეგების დახმარება, სავარაუდოდ, არ დასჭირდებათ.

მიმდინარე წლის 21 იანვარს, სოხუმში, სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა "ოქროს ფონდი", ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარი, მათ შორის ალექსანდრე შერვაშიძე - ჩაჩბას 300 - მდე ნამუშევარი. ხანძარს მხოლოდ 150 – 200 ნახატი გადაურჩა.

Print