ახალი ამბები
სოხუმის სამხატვრო გალერეისთვის შემოწირულებების შეგროვება დაიწყო
სოხუმში ხანძრის შედეგად განადგურებული სამხატვრო გალერეისთვის შემოწირულებების მიღების შესახებ განაცხადეს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები მზად არიან მათ ხელოვნების ობიექტების შეძენაში დაეხმარონ:

"... ამიტომ, გადაწყდა, რომ გახსნილიყო ანგარიში სამხატვრო გალერეის ფონდის შესავსებად. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც გამოიჩენს ინიციატივას ჩვენი რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო "აფსნიპრესის" თანახმად, "აფხაზეთის მთავრობას ეროვნული სამხატვრო გალერეის გახსნის საკითხი სპეციალურ კონტროლზე ჰყავს აყვანილი".

მანამდე, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს სოხუმელ სპეციალისტებს დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში. 

"აფხაზეთის ეროვნული სამხატვრო გალერეის" დირექტორი სურამ საქანია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივას გამოეხმაურა, დადებითად შეაფასა ის, თუმცა აღნიშნა, რომ ექსპონატების აღდგენაში ქართველი კოლეგების დახმარება, სავარაუდოდ, არ დასჭირდებათ.

25 იანვარს აფხაზეთში რუსი რესტავრატორების ჯგუფი ჩავიდა.

მიმდინარე წლის 21 იანვარს, სოხუმში, სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა "ოქროს ფონდი", ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარი, მათ შორის ალექსანდრე შერვაშიძე - ჩაჩბას 300 - მდე ნამუშევარი. ხანძარს მხოლოდ 150 – 200 ნახატი გადაურჩა.



Print