ახალი ამბები
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კენჭისყრაზე აფხაზეთში დარღვევები არ დაფიქსირებულა - სოხუმი
სოხუმში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის კენჭისყრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში „ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო და დარღვევები არ დაფიქსირებულა“.

„აფსნიპრესის“ თანხამად, საარჩევნო უბნები 17 მარტს 20:00 საათზე დაიხურა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვადამდელი ხმის მიცემის შესაძლებლობით ისარგებლეს:

„15 მარტს ასლან ბჟანიამ, ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ, პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აბესალომ კვარჩიამ და უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ სოხუმში რუსეთის საელჩოში მისცეს ხმა“.

ამავე ცნობით, არჩევნებზე წესრიგს 230 სამართალდამცველი უზრუნველყოფდა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში 30 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

ასლან ბჟანიამ 12 მარტს გამართულ ფორუმზე, აფხაზ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსულ პასპორტებს ფლობენ, არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 15 - 17 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 87% მიიღო. ის მეხუთე ვადით ხდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პუტინის ხელახალი არჩევა რუსეთში მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.


Print