ახალი ამბები
სოხუმში დამწვარი გალერეის შენობაში ექსპონატების ნაწილი იპოვეს
სოხუმში მხატვართა კავშირის დამწვარი შენობის გაწმენდისას, რომლის მეორე სართულზე ეროვნული სამხატვრო გალერეის ფონდები იყო განთავსებული, ხანძარს გადარჩენილი რამდენიმე ნამუშევარი აღმოაჩინეს, წერს „აფსნიპრესი“.

„დღევანდელ დღეს შეიძლება ეწოდოს წარმატებული. ადრე აღმოვაჩინეთ ვალენტინა ხურხუმალის კერამიკული ნამუშევრები - პატარა ფიგურები, ასევე ვიაჩესლავ ხურხუმალის დეკორატიული ვაზა. დღეს იპოვეს ვალენტინა ხურხუმალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი - სკულპტურული კომპოზიცია, "პატარა მხედრები". ეს ცნობილი ნამუშევარია. იგი არაერთხელ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა გამოფენაზე, როგორც აფხაზეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექტორმა სურამ საქანიამ.

მისივე ცნობით, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის კიდევ რამდენიმე ნამუშევარია შემორჩენილი. მათ შორისაა "მადმუაზელ ბესონი" და "ქალი წითელი ქუდით", ასევე თეატრალური დეკორაციებისა და კოსტიუმების რამდენიმე ესკიზი.

„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ამით. შესაძლოა, კიდევ რამე ვიპოვოთ“, - აღნიშნა საქანიამ.

მიმდინარე წლის 21 იანვარს, სოხუმში, სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა "ოქროს ფონდი", ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარი, მათ შორის ალექსანდრე შერვაშიძე - ჩაჩბას 300 - მდე ნამუშევარი. ხანძარს მხოლოდ 150 – 200 ნახატი გადაურჩა.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს სოხუმელ სპეციალისტებს დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში.

საქანია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივას გამოეხმაურა, დადებითად შეაფასა ის, თუმცა აღნიშნა, რომ ექსპონატების აღდგენაში ქართველი კოლეგების დახმარება, სავარაუდოდ, არ დასჭირდებათ.

25 იანვარს აფხაზეთში რუსი რესტავრატორების ჯგუფი ჩავიდა.





Print