სტატია
ცირკულირებს თუ არა ზუგდიდში კორონავირუსის ბრიტანული და ინდური შტამები
კორონავირუსის ბრიტანული შტამის შემდეგ, მსოფლიო "დელტა" ანუ "ინდურ შტამს" (B.1.617.2) ებრძვის. ახალი ვარიანტები ბევრად სწრაფად ვრცელდება და ორივე მათგანი უკვე ცირკულირებს საქართველოში. როგორც ჯანდაცვის წარმომადგენლები ირწმუნებიან, აქამდე გამოვლენილი  "ინდური შტამის" 20-ვე  შემთხვევა იმპორტირებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში "დელტა შტამის" ცირკულაცია 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.

დაფიქსირდა თუ არა სამეგრელოში ინდური შტამი, ამ კითხვით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების წარმომადგენლის ნანა ოდიშარიას მივმართეთ. მისი განმარტებით, ადგილობრივ დონეზე ვირუსის შტამების სეკვენირება არ ხდება და მისი დადგენა მხოლოდ ლუგარის ცენტრში ან მსგავს ლაბორატორიებში ხდება. მისივე თქმით, რეგიონში არ გამოვლენილა საეჭვო შემთხვევა და ვირუსის გენეტიკური ანალიზის ჩატარების საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა.

"არ გვყოლია ინდოეთიდან ჩამოსული და არც საქართველოში გამოვლენილ შემთხვევასთან ჰქონია კონტაქტი რეგიონში მცხოვრებს. ჩვენ ხშირად ვატარებთ კვლევებს და საეჭვო შემთხვევა არ გვქონია, კვლევებისთვის არ გაგვიგზავნია ანალიზები", - აღნიშნა ოდიშარიამ.

რაც შეეხება "ბრიტანულ შტამს", ის სამეგრელო-ზემო სვანეთში უკვე დომინირებს, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან 80-90%  "ბრიტანული შტამია".

"ზოგადად, რეგიონის მასშტაბით, ბოლო კვირაში კლების ტენდენცია გვაქვს. საგრძნობლად იკლო ახალმა შემთხვევებმა. როგორც იცით, ბოლოს ლოკალური ეპიდაფეთქება გვქონდა ზუგდიდის სოფელ დარჩელში, თუმცა ახლა სტაბილური მდგომარეობაა. რამდენჯერმე ჩატარებულმა მასობრივმა ტესტირებამ, გამოვლენილმა შემთხვევებმა და თვითიზოლაციამ თავისი დადებითი შედეგი გამოიღო", - მიიჩნევს ნანა ოდიშარია.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის ინდური ვარიანტი მსოფლიოს 85-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ის ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში 2020 წლის შემოდგომაზე დააფიქსირეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 11 მაისს დელტა შტამს "შემაშფოთებელი ვარიანტი" უწოდა.

"მსოფლიოში ინდური  ვარიანტი შეიძლება დომინანტური გახდეს", – ეს უკვე რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვიმინატანმა twitter- ის გვერდზე დაწერა.

სპეციალისტები თვლიან, რომ დელტა ვარიანტით დაინფიცირებულმა ერთმა პაციენტმა შესაძლოა საშუალოდ 5-8 ადამიანი დაავადოს. იმ შემთხვევაში თუ ოჯახში ერთ პირს "დელტა" ვარიანტი დაუფიქსირდება, რთული იქნება ოჯახის სხვა წევრებმა მისგან თავის დაცვა შეძლონ.

ისრაელში ინდური შტამის გამო, რომელსაც ასევე "ორმაგ მუტანტსაც" უწოდებენ, დახურულ სივრცეში ნიღბის გამოყენება ისევ სავალდებულო გახდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვებზე მოდის, მესამედი კი Pfizer-ის ორივე დოზით აცრილია.

საქართველოში "ინდური შტამის" გავრცელების რეალური საფრთხის მიუხედავად,  მთავრობამ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნა. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ხშირად ვხდებით შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეები დახურულ სივრცეებშიც არ იკეთებენ პირბადეებს. ამასთან, რეგულაციებზე უარყოფითი გავლენა იქონია ინიციატივამ, რომლის თანახმად კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული ადამიანები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

"საქართველოში დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება. ევროპის რიგ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს, მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანდათან ეს მოხდეს აქაც", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 25 ივნისს განაცხადა. აქედან გამომდინარე ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ დასაცავია შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.


Print