სტატია
რუხის კლინიკაში ვაქცინაციის კაბინეტთან მესამე დღეა რიგები დგას
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ვაქცინაციის კაბინეტია მოწყობილი, მოქალაქეების რიგებია შექმნილი. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას, თქმით, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ფაიზერზე ყველა ადგილი უკვე შევსებულია.

მისივე თქმით, დღეში აქ საშუალოდ 500-ზე მეტი პირი იცრება. რუხის კლინიკაში მოქალაქეებს, როგოც ფაიზერით, ასევე ასტრაზენეკათი, სინოფარმითა და სინოვაკით ცრიან.

„ორშაბათს აიცრა 480 პირი, გუშინ 520 და დღეს ველოდებით 570 ადამიანს. „ფაიზერზე“ ყველა ადგილი შევსებულია. ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ვაქცინაციის გართულების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა აკობიამ.

რიგებს უშუალოდ კლინიკის მენეჯერი აკონტროლებს, ყველა პირი ვაქცინაციის კაბინეტში ჯავშნის დროის მიხედვით შედის.

რიგში მყოფმა მოქალაქემ, ლუიზა ფარცვანიამ გვითხრა, რომ მან ზუსტად იცის, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის დასამარცხებლად ერთადერთი გზაა. მისივე თქმით, ამ დღეებში აცრა მის მეუღლესაც უწევს.

„ვიცი, რომ აცრა მჭირდება. როგორც კი მოვახერხეთ, დამარეგისტრირეს შვილებმა. ჩემს მეუღლესაც ამ დღეებში უწევს. სოფელში ჯერაც ეშინია ხალხს, მაგრამ აქ რომ ვხედავ რიგებს, იმედიანად ვარ, ალბათ მეტი ადამიანი აიცრება“, - გვითხრა ორსანტიის მკვიდრმა ლუიზა ფარცვანიამ.

რაც შეეხება ზუგდიდის "ევექსის" საავადმყოფოს და ამავე ქსელის კლინიკას, აქ საშუალოდ 50-ზე მეტ ადამიანს ცრიან. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ივლისის თვეში, ჯამში სინოფარმითა და სინოვაკით, დაახლოებით, 1500 ადამიანი აიცრა.
Print