სტატია
ივიკო შენგელია - ზუგდიდელი ბიჭი ევროპული განათლებით
მომავალი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზუგდიდელი ივიკო შენგელია ბრემენის უნივერსიტეტში სწავლობს.

მანამდე იყო რამდენიმე წლიანი გზა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ბრიუსელი, ჰააგა, ბერლინი, ბიდგოშჩი, ვარშავა, სტოკჰოლმი და ვარნა - ამ ქალაქებში სასწავლო ვიზიტებმა ახალგაზრდა ზუგდიდელ ბიჭს ევროპულ ღირებულებებთან ერთად ცხოვრებისეული გამოცდილებაც შესძინა და ახალი შესაძლებლობების კარი გაუღო. რაც მთავარია, ასწავლა, რომ განათლება ახალგაზრდისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

საქართველოდან პირველად 2019 წელს წავიდა, როცა სტოკჰოლმში შვედეთის მოდერატების პარტიისა და ევროპის სახალხო პარტიის ხელშეწყობით სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდა.

ივიკო რადიო „ათინათს“ უყვება, რომ წასვლამდე ადრესატი ქვეყნის პრობლემებსა და ვითარებას შეისწავლიდა ხოლმე, აინტერესებდა ყველაფერი, რაც უცხო ქვეყანას ეხებოდა და ამაზე ადგილობრივებთანაც ბევრს საუბრობდა. ასე აუწყო ფეხი თანამედროვე ევროპულ ცხოვრებას. ახალგაზრდა სტუდენტი განათლების სფეროში ქართულ და ევროპულ მიდგომებზეც საუბრობს.

„უცხოეთში სწავლამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირი თვალით მანახა. პირველ რიგში ის, რომ უცხოეთში არავინ არ ეწევა "დაზუთხვას" და ძირითადად შინაარსობრივ საკითხებზე არიან ორიეტირებული, გერმანიაში, ბრემენის უნივერსიტეტში სწავლისას სწორედ ამაზე გვქონდა დისკუსია, საქართველოში, სამწუხაროდ, სასწავლო გეგმა მორგებულია ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას ანუ უმაღლესში ჩაბარებას, რაც ჩემი და არამარტო ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან დიდი შეცდომაა - ამაზე ღიად ჩემზე ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანები საუბრობენ“, - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.

აქვე ამბობს, რომ არამარტო, მაგალითად, გერმანული ყოველდღიურობის შემოტანაა საინტერესო, საქართველოდანაც ბევრი რამის „გატანა“ შეიძლება.

„ჩვენი საბანკო და საფინანსო სისტემა გაცილებით მოქნილი და თანამედროვეა, ვიდრე ადგილობრივი თუნდაც გერმანული თუ ფრანგული - რაც ძალიან მაგარია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაკლია სამოქალაქო თვითშეგნების ის დონე, რაც ამ ქვეყნებშია, არავინ ევროპულ ქვეყანაში არცერთ მინისტრს არ აპატიებს სამსახურეობრივი მანქანით საკუთარ საქმეზე წასვლასაც კი, საქართველოში კი ეს პრობლემურია, "ეგ ჩემი საქმე არაა"- მიდგომა ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის და მუდმივად ვცდილობ ჩემს თანაქალაქელებს და მეგობრებს ეს მიდგომა შევაცვლევინო“, ამბობს ივიკო.

ახლა მალტაში, ერთ-ერთ ლოჯისტიკურ კომპანიაში მუშაობს და ონლაინ მაგისტრატურაზეც სწავლობს. გვეუბნება, მიუხედავად ერთად სწავლისა და მუშაობის სირთულისა, ეს პროცესები სიამოვნებას ანიჭებს. იცის, რომ ახლა მაქსიმალური დატვირთვა აუცილებელია, რათა საკუთარი გეგმები განახორციელოს.

სამომავლო გეგმები კი საქართველოს უკავშირდება. ივიკო აპირებს, ევროპული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში გამოიყენოს.

„რა თქმა უნდა, სამშობლოში დაბრუნებას ვგეგმავ, მაქვს ჩემი გეგმები და აუცილებლად მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო. ყოველ თვე, როცა გადასახადებს უცხო ქვეყნის ბიუჯეტს ვუხდი, ძალიან არ მომწონს, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემი ქვეყნის პენსიონერს და სოციალურად დაუცველს მირჩევნია მივცე ის, რასაც აქაურ პენსიონერს თუ სხვა ბენეფიციარს ვაძლევ“, დასძენს ზუგდიდელი სტუდენტი.

იხსენებს, რომ გზა უცხო ადგილებში თავის დამკვიდრებისა, მარტივი არ ყოფილა, თუმცა საკუთარ თავს შესაძლებლობების გამოყენებაზე უარი არ უთხრა და შედეგით კმაყოფილია-იღებს მაღალი ხარისხის განათლებას, ფეხს უწყობს ევროპული ცხოვრების რიტმს და საფუძვლიანად ითვისებს ევროპულ ღირებულებებს. იმავეს ურჩევს ზუგდიდელ ახალგაზრდებსაც, რომელთაც ეუბნება, რომ განათლება უკეთესი მომავლის გასაღებია.

„ვურჩევ, არ დაკმაყოფილდნენ იმით, რასაც აკეთებენ, მუდმივად ახალი ეძიონ, ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, ძალიან ლამაზ ქალაქში და პოტენციალით სავსე რეგიონში, აუცილებლად იშრომეთ ბევრი და შედეგი დროდადრო მოვა. ზოგჯერ რომ ვუყურებ, საიდან დავიწყე და რამდენი რამის გადალახვა მომიწია, ვთვლი, რომ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, მხოლოდ შრომას მოაქვს, ამას მე კი არ ვამბობ, ამაზე ილიაც საუბრობდა“, - გვეუბნება ივიკო და გვემშვიდობება.

სხვა სიკეთეებთან ერთად ევროპაში თავისუფალი დროის სწორი გამოყენებაც ისწავლა. მისი დროის ნაწილი ერთ საღამოს ამ ინტერვიუს ჩაწერით წავართვით, ახლა კი ეს დრო საკუთარი ჰობისთვის უნდა გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში, უმეტესად, ფეხბურთს უყურებს ან თავად თამაშობს, ეკონტაქტება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ზუგდიდში.

ხვალ დილით კი ისევ ონლაინ ლექციები და სამსახური ელოდება.

ეს სტატია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ [ავტორი] და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

This article was produced with the financial support of the European Union and UNDP. Its contents are the sole responsibility of [AUTHOR] and do not necessarily reflect the views of the European Union and UNDP.



Print