ახალი ამბები
ზუგდიდში მარტოხელა პენსიონერების დასახმარებლად შემოწირულობას აგროვებენ 
ზუგდიდელმა მეგობრებმა მალხაზ ჭკადუამ და არჩილ თოდუამ სოციალურ ქსელში საქველმოქმედო კამპანია წამოიწყეს. როგორც თვითონ ამბობენ, გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს. მალხაზ ჭკადუას თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვამ განსაკუთრებულად იმ ხანდაზმული მოქალაქეების ყოფა დაამძიმა, ვინც სოფლად, მარტო ცხოვრობს. 

"გაზრდილი რისკების გათვალისწინებით, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა, ამან კიდევ უფრო დაამძიმა იმ პენსიონერი მოქალაქეების ყოფა, რომლებიც ქალაქსა თუ სოფელში მარტო ცხოვრობენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ერთი კვირაა დაიწყო სურსათის დარიგება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან და ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თუმცა ფაქტია, რომ არც ისე დიდი რესურსების გათვალისწინებით, შესაძლოა, მუნიციპალიტეტი ვერ მიწვდეს ყველა ოჯახს. ამიტომ მე და არჩილ თოდუამ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ კამპანია მარტოხელა პენსიონერი მოქალაქეების დასახმარებლად ზუგდიდში", - წერს ის საკუთარ გვერდზე.

იდეის ავტორები განმარტავენ, რომ მომდევნო 10 დღის განმავლობაში მსურველებს ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობის გაკეთება შეეძლებათ. შეგროვებული თანხა კი აღდგომის წინა დღეებში შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდება.

"მარტოხელა პენსიონერებს აჩიკოს მანქანით მივაკითხავთ და დავუტოვებთ თქვენი დახმარებით შეძენილ პროდუქტებს. ყველა შემოწირულობა და ხარჯი გამოქვეყნდება აქ, მარტოხელა პენსიონერი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას კი ქალაქის მერია მოგვაწვდის. პროდუქტების შეძენა-გადაადგილების დროს, ცხადია, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ჯანმოს და მთავრობის რეკომენდაციებს", - ამბობენ ორგანიზატორები. 

გარდა თანხისა, მოქალაქეებს აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობისთვის საკვები პროდუქტისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მოტანაც შეეძლებათ. 

ანგარიში ლარში, აშშ დოლარსა და ევროში გადარიცხვებისთვის შემდეგია: 

GE57TB7033245063600021

თიბისი ბანკი
მიმღები - არჩილ თოდუა

ამ დროისთვის, ორგანიზატორების ინფორმაციით, პენსიონერებისთვის ანგარიშზე 2 000 ლარზე მეტი შეგროვდა. თანხის გადარიცხვა მსურველებს 9 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. 


Print