პოლიტიკა
პრეზიდენტი:"შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსმა არ გაამართლა, მაგრამ ქვეყანა ვითარდება"
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეკვეთილის საზაფხულო სკოლაში „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ კამპანიის მონაწილეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ დემოკრატიულ პროცესში". მისი თქმით, შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა არ გაამართლა, მაგრამ ქვეყანა ვითარდება. ისევე, როგორც, შეიძლება რომელიღაც პოლიტიკური პარტია არ მოგწონდეს, მაგრამ არ უნდა თქვა უარი შენს ქვეყანასა და შენი ქვეყნის გაძლიერებაზე.

„თქვენ ამ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგი აუცილებლად იქნება. თქვენ სწორი დამოკიდებულება უნდა გააჩინოთ ამ პროცესების მიმართ, დაარწმუნოთ მოსახლეობა, რომ მათი მოქალაქეობრივი მოვალეობაა წავიდნენ არჩევნებზე. თქვენ შეიძლება შეგხვდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ პოლიტიკოსებმა არ გაუმართლეს, რომ დადიოდნენ არჩევნებზე და არაფერი არ იცვლებოდა, იცოდეთ, რომ ეს მიდგომა არასწორია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავალია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად არჩევნებში მონაწილეობისადმი საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას ითვალისწინებს.

Print