სამინისტრო იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება თავს შეიკავებს ამ ე.წ. ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება შეფასდება, როგორც აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგებით.
"ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი რეალიზაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, მნიშვნელოვნად დააზიანებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მიუღებელია ე.წ. ხელშეკრულების პროექტის პრეამბულაში ორი ქვეყნის ხალხის სახელით საუბარი, ვინაიდან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის ეთნიკური წმენდის შედეგად, გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან.
სამწუხაროდ, ამ ე.წ.ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში, ადგილზე დარჩენილ აფხაზეთის მოსახლეობის თვითმყოფადობასაც სერიოზული საფრთხე დაემუქრება.
მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ საკითხს და რუსეთის განზრახვას, რომლის განხორციელება თვისებრივად შეცვლის ვითარებას რეგიონში და ზოგადად დამატებით პრობლემებს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას",- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები