სტატია
ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში

10 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირა.


პროცესს წინ უძღოდა რამდენიმედღიანი ბოიკოტი, რომლის ფარგლებშიც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი სხდომას არ დასწრებია. ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება, თუმცა, როგორც წარმომადგენლობით ორგანოში სხდომებზე მოსული დეპუტატები ამბობენ, მათთვის ცხადი ერთი რამ არის - ალიანსი და გარიგება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ ენმ-ს შორის.

საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე და ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის გიგა ფარულავასთვის არშემდგარი კვორუმი არა, თუმცა "ოცნების" ინიციატივა მის იმპიჩმენტზე ღიმილისმომგვრელია. ოპოზიციური საკრებულოს თავმჯდომარე ოპონენტების ქმედებას წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

"რა თქმა უნდა, ეს მიზანმიმართულად ხდება, გაუგებარია მათი ეს დამოკიდებულება. განცხადებები ჩემი გადაყენების შესახებ კი არის ერთ - ერთი თაღლითური გარიგების ნიშანი, რომლის შედეგებსაც საბოლოოდ ვნახავთ''", - უთხრა ჟურნალისტებს ფარულავამ მორიგი გადადებული სხდომის შემდეგ.

ყოფილი "ნაციონალური მოძროაბის", ახლა კი ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ცალსახად ამბობს, რომ მისი ყოფილი 8 თანაგუნდელი "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმდა და ზუგდიდელები ახლა სწორედ ამ პროცესს ადევნებენ თვალს.

"მათ ("ქართულ ოცნებას") რომ არ ჰქონდეთ "ენმ"-ს მხარდაჭერა, ამას ისინი ვერ გაბედავდნენ და ვერ შემოიტანდნენ განცხადებას, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ხმები. დღეს, ზუგდიდში "ენმ" ღიად და აშკარად თანამშრომლობს "ქართულ ოცნებასთან". მინდა თქვენგან გავიგო პასუხი, მათ, რა პასუხს აძლევთ თქვენს ამომრჩევლებს, "ოცნებასთან" როგორ აპირებთ თანამშრომლობას", - აცხადებს კალანდია.

ის ასევე ხაზს უსვამს, რომ "ენმ"-დან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი მსგავს საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაც იყო.

"ჩვენ მათთან კონსულტაციები გვქონდა. ჩვენ გვინდოდა ინტერფრაქციული საქმიანობა ერთად, ორივე სახელი ერთად "ნაციონალური მოძრაობა" და "ახლები". მათ გვითხრეს, წერტილიც რომ შეცვალოთ ჩვენ თქვენთან არ ვითანამშრომლებთ", -დასძენს ის.

საკუთარი არგუმენტები აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც. ირაკლი სორდიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მისი თანამებრძოლები ბოიკოტს განაგრძობენ. ამასთან, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას.

"იმ სხდომებს, სადაც ფრაქციის წესდება უკანონოდაა გადაკეთებულ, არ ვესწრებით. რაც შეეხება "ოცნებასთან" თანამშრომლობას, ეს არის სისულელე და ყველას ვურჩევდი, რომ წაიკითხოს საკრებულოში წარდგენილი განცხადება, სადაც წერია, რომ სანამ "ენმ"-ს თავისი წესდება და სახელი არ დაუბრუნდება, არ მივიღებთ სხდომებში მონაწილეობას", - თქვა სორდიამ.

გარიგებაზე ბრალდებებს პასუხობენ "ქართულ ოცნებაში" და ოპოზიციონერ კოლეგებს, ამ შემთხვევაში, გახარიას პარტიისა და ენმ-ს უკვე ყოფილ წარმომადგენლებს 2021 წელს შეთანხმებას ახსენებენ.

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარია ამბობს, რომ მათ საკრებულოში არაერთი კომისიის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, თუმცა მათ უარი თქვეს.

მმართველ პარტიაში იმასაც ამბობენ, რომ საკრებულო "დასაქმების ბიუროდ" იქცა და შექმნილი კრიზისი ენმ-ში არსებული დაპირისპირების შედეგია.

რაც შეეხება ენმ-სთან ალიანსს, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და გამორიცხავენ.

"ოპოზიციური მხარიდან ნებისმიერმა შეიძლება მხარი დაუჭიროს ჩვენ ინიციატივას, რომელი მხრიდან იქნება, მე ვერ გეტყვით მაგას", - განუმარტავს ჟურნალისტებს ქადარია.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, საკრებულომ ოპოზიციონერი წევრების თანამდებობებიდან გადაყენების ინიციატივა ბოლომდე მიიყვანოს.

"ყველანაირი პოლიტიკური პროცესი საკრებულოში გაჩერებული და ჩამკვდარია. დღევანდელი მოცემულობით, საკრებულოს ოპოზიციური ფლანგი გახდა დამოკიდებული "ქართული ოცნების" ფრაქციაზე. კვორუმს ვერ ქმნიან ,იმ დონემდე გადაემტერნენ ერთმანეთს.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პროცესები და დაპირისპირება "ენმ"-სა და "ახალს" შორის გამოიწვევს საკრებულოს საქმიანობის კიდევ უფრო პარალიზებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ წამოვიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა", - თქვა ირაკლი გოგოხიამ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

შეკითხვაზე, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი გამოიწვევს თუ არა პოლიტიკური პროცესების პარალიზებას, პასუხობს, რომ სხდომების ჩასატარებლად კანონმდებლობა ითვალისწინებს ალტერნატიულ გზებსაც.

"საკრებულოს თავმჯდომარის არარსებობის შემთხვევაში საკრებულოს პროცესებს წარმართავს უხუცესი წევრი. სხდომები, რა თქმა უნდა, გაიმართება უხუცესი წევრის თავმჯდომარეობით".

გოგოხიას თქმით, ფრაქციას ამ ეტაპზე მხოლოდ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა ის მოუწოდებს წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრებსაც, შეუერთდნენ მათ ინიციატივას.

ზუგდიდის საკრებულოში სხდომა კვორუმის არარსებობის გამო უკვე მეოთხედ გადიდო. ამავე მიზეზით ვერ ჩატარდა ის 5 აპრილს, სადაც დაგეგმილი იყო ოპოზიციური ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება. აღნიშნული ფრაქცია ენმ-ს ყოფილი 14 წევრისგან შედგება, რომელთაც პარტია დატოვეს და ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გუნდს შეუერთდნენ. პარტიაში დარჩა საკრებულოს 8 წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", თუმცა ფრაქციას სახელი შეეცვალა. სწორედ სახელის ცვლილების ცნობად მიღება ვერ ხერხდება ამ დრომდე, რადგან აპრილში გასამართი პირველივე სხდომა, სადაც დღის წესრიგით აღნიშნული საკითხიც არის განსაზღვრული, კვორუმის არარსებობის გამო, მეორე კვირაა, იშლება.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ინიციატივას, საკრებულოს ოპოზიციონერი (ფრაქცია "ახალის" წევრების) ხელმძღვანელების, საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და მისი, ასევე, ოპოზიციონერი მოადგილეების გადაყენების შესახებ, მომდევნო თვეში უნდა წარედგინოს საკანონმდებლო ორგანოს. გადაწყვეტილების მისაღებად, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო 45 მანდატიან საკრებულოში, თუმცა, მმართველ პარტიას მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.