რუბრიკები
კვიციანის ბრალდების საქმეზე ზუგდიდის სასამართლოში რუსთავის 2–ის ოპერატორი და „იმედის“ ჟურნალისტი დაიკითხნენ (ვიდეო)
ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ბრალდების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა . პროცესზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხა. მათ შორის, ტელეოკმპანია „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი იოსებ ბარნაბიშვილი, რუსთავი 2-ის ოპერატორი გიორგი დულარიძე, შს სამინისტროს აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ანზორ მარგიანი და შსს-ს სხვა თანამშრომლები. ზუგდიდის სასამართლოში მოწმეების დაკითხვა, რომლებმაც 2006 წლის კოდორის სპეცოპერაციის დღე გაიხსენეს, თითქმის შვიდი საათი გაგრძელდა. ემზარ კვიციანს პროკურატურა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნასა და ხელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებაში ადანაშაულებს. სასამართლო პროცესზე ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა ჟურნალისტმა იოსებ ბარნაბიშვილმა, რომელიც იმ დროს მასალას გადაცემისთვის „დროება“ ამზადებდა თქვა, რომ სპეცოპერაციამდე ,რამდენიმე დღით ადრე, კვიციანთან ინტერვიუ ჩაწერა. მან ინტერვიუს ყველა დეტალი ვერ გაიხსენა და სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაინტერესებულ მხარეს  შესაძლებლობა აქვს იმედის არქივიდან მოიძიოს აღნიშნული ჩანაწერი. ემზარ კვიციანმა ჟურნალისტს მიმართა და ჰკითხა: „კარგად მახსოვხარ, შენი ოპერატორიც მახსოვს... მაშინ, როცა დაუმორჩილებლობა გამოვაცხადე, გაკვირვებული მიყურებდი, რამ გააგიჟა ეს კაციო? დღეს თუ გიკვირს იგივე, როცა კოდორი დაკარგულია?!“- თქვა სასამართლოზე ემზარ კვიციანმა. კვიციანის კითხვა პროკურორების პროტესტის შემდეგ მოსამართლემ განარიდა. ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტისგან განსხვავებით, რუსთავის 2-ის ოპერატორმა გიორგი დულარიძემ, რომელიც იმ დროს ჟურნალისტ ნანა ლეჟავას ოპერატორი იყო, სპეცოპერაციის დღე დეტალურად გაიხსენა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ მაშინ კოდორის ხეობაში ნანა ლეჟავასთან ერთად სოხუმის გავლით ჩავიდა. მისივე თქმით, სოხუმში საჭირო ხალხი ლეჟავამ მოიძია და მისთვის უცნობია, თუ ვინ იყვნენ ისინი და როგორ მოიპოვა ლეჟავამ მათი კონტაქტები. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ ენგურის ხიდზე ორი აფხაზი დახვდა, რომელმაც უზრუნველყო მათი კოდორში გადაყვანა. რუსთავის 2-ის ოპერატორმა სოფელ აჟარაში კვიციანსა და უხუცესთა კრების შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კრება  დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. „მახსოვს ემზარის ფრაზები: „თუ იარაღით მოდიან, იარაღითვე დავხვდებით“, „თუ აფხაზეთში წავლენ და კარგად იომებენ, მეც გავყვებიო“. კრების დიდი ნაწილი სვანურ ენაზე მიმდინარეობდა და ბევრი რამ არ მესმოდა. შემდეგ ემზარმა რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად კრება დატოვა და წავიდა. მაშინ უხუცესები ამბობდნენ, რომ სისხლისღვრა რომ არ მოხდეს, უნდა მივასწროთო“, - თქვა პროცესზე გიორგი დულარიძემ. დულარიძის თქმით, ამის შემდეგ, მან და ნანა ლეჟავამ, დეპუტატ გოჩა ფიფიას კუთვნილი ავტომობილით, სოფელი აჟარა დატოვეს და მესტიის გავლით თბილისისკენ გაემართნენ. „გზაზე დავეწიეთ ემზარ კვიციანს. ვნახეთ, რომ რამდენიმე ადამიანი იარაღს ამოწმებდა, რამდენიმე - ფერდობისკენ მიდიოდა. მანქანიდან ნანა გადმოვიდა და მათ ესაუბრა. ცოტა ხანში მათ გავეცალეთ და გავაგრძელეთ გზა, სადაც ავტომანქანების კოლონა შეგვხდა. წინა მანქანებში ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი ისხდნენ. ჩაგვიარეს, ყურადრებას არ გვაქცევდნენ... ჩვენ მათ გავყევით. მაშინ ნანამ მანქანაში მყოფ ადამიანებს უთხრა: „ჩასაფრება არისო“. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა ავტომატიდან რამდენჯერმე გაისროლა და კოლონაც შეჩერდა. მანქანებში გადაადგილება დაახლოებით ხუთი წუთი გაგრძელდა, დაძვრიდან 10 წუთში კი სროლები დაიწყო, რასაც მოჰყვა საპასუხო გასროლა ძალოვანების მხრიდან“, – თქვა გიორგი დულარიძემ. კვიციანის ადვოკატმა კობა კობალაძემ რუსთავის 2–ის ოპერატორს ჰკითხა, დაინახა თუ არა მან ვინ ესროლა ძალოვანებს, რაზეც დულარიძემ უპასუხა, რომ მათ წინ იყო მოსახვევი, დიდი ქვის ლოდი და აქედან გამომდინარე, საცეცხლე წერტილებს, მით უმეტეს იმას თუ ვინ ისროდა ვერ ნახავდა. ამასთან, დულარიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ ის ამ დროს ვიდოკ ამერით იღებდა და წესით, მასალა  რუსთავის 2–ის არქივში უნდა ინახებოდეს. ემზარ კვიციანმა რუსთავის 2–ის ოპერტატორს უთხრა, რომ სოხუმის გავლით კოდორში მათი გადაყვანა, მისმა დისშვილმა ბაჩო არღვლიანმა უზრუნველყო. „მაშინ ლეჟავამ ჩემს დისშვილს დაურეკა და ელაპარაკა. მერე ბაჩომ დაურეკა სოხუმში თავის მეგობრებს და მათ სთხოვა თქვენი გადაყვანა. ვინ მოგცათ მაშინ მითითება, რომ ბაჩოსთვის დაგერეკათ?" – ჰკითხა კვიციანმა რუსთავის 2–ის ოპერატორს. კვიციანის კითხვაზე დულარიძემ უპასუხა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის. კვიციანმა დულარიძეს ასევე ჰკითხა, თუ რატომ მოხდა კოლონის გაჩერება ავტომატის ჯერით და არა ტელეფონით ან რაციით, რაზეც ოპერატორმა თქვა, რომ მას არც ამის სესახებ ჰქონდა ინფორმაცია. ემზარ კვიციანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ჩასაფრებულები“ თავად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იყვნენ და მინისტრების კოლონის გაჩერება ავტომატის ხმით, სროლის დაწყების ნიშანი იყო. „გახსოვთ, მერაბიშვილი ერთ–ერთი სპეცოპერაციის დროს ორ გვამს რომ ითხოვდა? აი, ორი დაჭრილი გვყავს. მათ ალბათ ძალიან გაუმართლათ. ეს ისე, თქვენი შინაგანი რწმენისთვის “, – უთხრა მოსამართლე შოთა ბიჭიას კვიციანის ადვოკატმა კობა კობალაძემ. ემზარ კვიციანის კითხვას, თუ რატომ მოხდა კოლონის გაჩერება ავტომატით და არა სხვა კომუნიკაციის საშუალებით, მოწმე ანზორ მარგიანმა გასცა პასუხი. შსს აფხაზეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ანზორ მაგრგიანის თქმით, იმ დროს კოდორში კომუნიკაციის ყველა საშუალება გათიშული იყო. ანზორ მარგიანმა სასამართლოს ასევე უამბო ბატალიონის „მონადირე“ გაუქმების დეტალები. მისი თქმით, კვიციანის ბატალიონის გაუქმება ირაკლი ოქრუაშვუილის თავდაცვის მინისტრად მოსვლის შემდეგ გადაწყდა, რასაც აფხაზეთის მაშინდელი მთავრობის ხელმძღვანელი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ეწინააღმდეგებოდა. მარგიანმა სასამრთლოზე თავისი მოსაზრებაც დააფიქსირა და განაცხადა, რომ მაშინ „მონადირის“ გაუქმება არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ხეობას მეტწილად აღნიშნული ბატალიონი იცავდა. ამასთან, მარგიანმა სასამართლოს უთხრა, რომ მაშინ ყოფილ ხელისუფლებას კოდორის ხეობაში, კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავების გამო, პოლიციის შენობის აშენება უნდოდა, რასაც კვიციანი ეწინააღმდეგებოდა. ამასთან დაკავშირებით, მარგიანმა ერთ კონკრეტული ფაქტიც გაიხსენა და თქვა, რომ ხშირად ეს გაზვიადებული იყო. მისი თქმით, რუსთავის 2–ს ერთ–ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა, კოდორის ხეობაში, ნორა კვიციანის სახლში ყოფნისას, როდესაც ის „კუბდარებს მიირთმევდა და თავს კარგად გრძნობდა“, გარეთ გასულმა, მეგობარს მაშინდელი „კუდის“ უფროსს, ერეკლე კოდუას დაურეკა და უთხრა, რომ მას სვანები იტაცებდნენ. რასაც, მარგიანის თქმით, კოდორის ხეობაში სპეცრაზმის ასვლა მოჰყვა. კოდორის ხეობის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა მარგიანს ჰკითხა, შენარჩუნდებოდა თუ არა კოდორის ხეობა, რომ არა ზემოაღნიშნული სპეცოპერაცია, რაზეც მარგიანმა უთხრა: „შეიძლება კი, შეიძლება - უარესი მოხდარიყო“. ემზარ მარგიანმა სასამართლოს განუცხადა, რომ კოდორის ხეობა აფხაზებს ყოფილმა ხელისუფლებამ ჩააბარა და ამაში ბრალი მხოლოდ ოქრუაშვილის არ მიუძღვის და „ეს იყო მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის დირექტივა“, -დასძინა მან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ემზარ კვიციანის ადვოკატებმა, კობა კობალაძემ და რევაზ კახნიაურმა, სასამართლოს ერეკლე კოდუას, ირაკლი ალასანიას და რუსთავი 2–ის ჟურნალისტის დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა. მათი შუამდგომლობა მოსამართლე ბიჭიამ არ დააკმაყოფილა. ემზარ კვიციანი 2006 წლიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის ბრალდებით იყო ძებნილი. კოდორში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ბატალიონ "მონადირეს" გაუქმება. რასაც მისი ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის დაუმორჩილებლობის გამოცხადება მოჰყვა. თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი "მონადირე" ხეობაში 1994 წლიდან არსებობდა. კოდორის ხეობაში სპეცოპერაციას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა. სპეცოპრეაციის შემდეგ კვიციანმა თავი რუსეთის ფედერაციას შეაფარა. მაშინ კვიციანს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. სამართალდამცავებმა ემზარ კვიციანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის 22 თებერვალს დააკავეს. კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის თავისი რაზმით ხეობას იცავდა. ამასთან, კვიციანი ამბობს, რომ მას 1994 წელს გაფორმებული ოთმხრივი ხელშეკრულების დარღვევა არ სურდა, რომელიც ხეობაში ჯარის შეყვანას კრძალავდა და რომელსაც საქართველოსა და რუსეთთან ერთად ხელი გაერომ და აფხაზეთმაც მოაწერეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.