ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ინფიცირებულთა გაზრდილი ნაკადი და გუდაუთის საავადმყოფო მოხალისეების დახმარების მოლოდინში
20 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთში Covid – 19 კიდევ 221 ადამიანს გამოუვლინდა. ინფორმაციას მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მიუხედავად ინფიცირებულთა გაზრდილი ნაკადისა შტაბის ერთ - ერთი წევრი ალხას ჯინჯოლია აცხადებს, რომ მკაცრი ზომების შემოღება ამჯერად არ იგეგმება. "იმ შეზღუდვებთან დაბრუნებას აზრი არ აქვს. დღეს არსებულ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, გახსნილ საზღვარს, ჩვენს ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების დიდ ნაკადს და ახლა უკვე რეალობად ქცეულ საკურორტო სეზონს, მათ შემოღებას აზრი არ აქვს, დაგვიანებული და არასწორი იქნება“, - ამბობს ალხას ჯინჯოლია.

ამასთან ერთად, გუდაუთის საავადმყოფოში ინფიცირებული პაციენტების რიცხვის და უმცროსი სამედიცინო პერსონალის არყოფნის გამო, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას, დახმარების თხოვნით მიმართავს.   უწყების სამკურნალო - პროფილაქტიკური დახმარების სამმართველოს უფროსის საიდა დელბას თქმით, საუბარია მოხალისეობრივ დახმარებაზე. მან დააზუსტა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დიდი მოთხოვნაა 20 - დან 50 წლამდე ასაკის საშუალო და უმცროსი რგოლის სამედიცინო პერსონალზე. რაც შეეხება დეზინფექტორებს, მისი თქმით,  უფრო სასურველია, მოხალისე - მამაკაცები, რადგან, ეს საქმიანობა, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს.

მათთვის, ვინ მზადაა ხელშეკრულების საფუძველზე იმუშაოს, გათვალისწინებულია გარკვეული გასამრჯელოც.

"გასაგებია, რომ მოხალისეობა უანგარო დახმარებას ითვალისწინებს, მაგრამ, თუკი ადამიანებს სურთ ჩამოსვლა და დიდი ხნის მანძილზე ვერ იქნებიან ამ საქმიანობით დაკავებულები, შეგვიძლია ჯანდაცვის სამინისტროსა და მათ შორის ხელშეკრულების გაფორმება და მათი შრომის ანაზღაურება", – განაცხადა საიდა დელბამ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მათ ესაჭიროებათ მძღოლები, რომლებსაც საკუთარი ავტომობილები ჰყავთ, ასევე მეეზოვეები, რომლებიც ჰოსპიტალის კორპუსების მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ.

ჯანდაცვის განცხადების თანახმად, მსურველებს დეტალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან კვებითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ლაურა ხოჯავა მოხალისეა და პანდემიის დაწყებიდან სატელეფონო ცხელ ხაზზე მუშაობს ოპერატორად:

"პირველი ტალღა რომ დაიწყო, მაშინ დავთანხმდი და მივიღე ამაში მონაწილეობა, მეორე ტალღის დროს ისევ ჩავერთე ამაში... სწავლა მაინც არ იყო, და ჩემთვის დიდ  სირთულეს არ წარმოადგენდა, რითაც შემეძლო დახმარება, ის გავაკეთე. ზარებს ვღებულობთ, გუშინ სულ ორმა დარეკა, ძირითადად იმის გაგება სურთ, სად შეიძლება ტესტირების ჩატარება. ჩვენ ვიწერთ ამ ადამიანებს მონაცემებს, მოკლე ანამნეზს ვაგროვებთ და ვურჩევთ სანეპიდემსადგურს მიმართონ", - ყვება ის.

მოხალისეობრივი საქმიანობის მიმართ სოხუმელი ახალგაზრდების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ზოგი ამბობს, რომ სიამოვნებით ჩაერთვება, თუკი ამის საჭიროება არსებობს, ნაწილი თვლის, რომ ამ საქმეს მხოლოდ სამედიცინო სფეროში გარკვეული და გამოცდილი ადამიანები უნდა აკეთებდნენ, სხვები კი ამტკიცებენ, რომ სიკეთის კეთება ყოველგვარი ტერმინების გარეშეც შეიძლება: "- განცხადების შესახებ არ მსმენია, თუმცა, ვფიქრობ, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებდი და დავთანხმდებოდი,  რადგან აფხაზეთში ყველაზე მეტად ახლაა საჭირო მოხალისეების დახმარება, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ყოველგვარი გამორჩენის გარეშე არიან მზად დახმარებისთვის".

" - თუ ქვეყანას ჩემი დახმარება სჭირდება, რატომაც არა".

" - მე რაღაც სხვა სახის დახმარებას გავუწევდი, მაგრამ იქ, ვფიქრობ, შესაბამისი ადამიანები უნდა მუშაობდნენ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და ამ საქმეში ერკვევიან".

" - პირველ რიგში იმაზე დავფიქრდებოდი, რატომ ექიმები არ მიდიან იქ... ჩვენ ხომ გვყავს ექიმები, მათ ხომ აიღეს თავზე პასუხისმგებლობა, ჩააბარეს, მიიღეს განათლება... ჯერ ერთი ვმუშაობ, თუმცა, რომ არ ვმუშაობდე, შესაძლოა წავსულიყავი იქ მოხალისედ".

"- ეპიდემიის დროს, როდესაც ყველა სახლში იყო, ჩვენ წამოვიწყეთ მოხალისეობრივი მოძრაობა, ვეხმარებოდით შეჭირვებულებს, მთელი გულით, ვიკრიბებოდით ახალგაზრდები და ჩვენს რაიონში აქ სოხუმში ვისაც დახმარება სჭირდებოდა, ვეხმარებოდით".

" - მე არ მივესალმები, საერთოდ რას ნიშნავს ეს სიტყვა - მოხალისეობა, რაღაც თუ მაქვს სულში, მე ისედაც გავაკეთებ, რაღაც ამ მოხალისეობრივი ტერმინების გარეშე".


ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი თვლის, რომ ამ ეტაპზე უნდა მოხდეს დაავადებულთა ნაკადის დაყოფა. ალხას ჯინჯოლიას თქმით, გუდაუთის საავადმყოფოში მხოლოდ მძიმე პაციენტები უნდა მოათავსონ, შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონეებს მკურნალობის კურსი  სახლში უნდა ჩაუტარდეს.

გარდა ამისა, მისი თქმით, ძალაში რჩება ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ჯინჯოლიას იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში ვაქცინაციაც დაიწყება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
21 / მაისი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში 1 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
21 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა.
21 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესვენება გამოცხადდა სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.