რეგიონი
შსს: "პროკურორ ქირიას მკვლელობა მის სამსახურთან კავშირში არ არის"
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. 

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გვრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა კვალის ასარევად, ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი. დადგენილი იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის ბოლო გადაადგილების მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილ იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც, კერძოდ, სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი, ხოლო ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. აქვე იყო ე.წ. ბალგარკა, რომელსაც ასევე ემჩნეოდა სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი და მოცულობით დიდი საგნის გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა. ზემოხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გადაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავებისათვის. ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ორიენტირები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის აბსოლუტურად ყველა დანაყოფს. მითითებულ პროცესში მიღებულ იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა, ორ პირთან ერთად, "მერსედესის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით.

რამდენიმე წუთში ხსენებული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. ბიძინა კუჭავას ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლით დასვრილი, ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები და სამი მობილური, ასევე, სხვა ნივთები. გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან. საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანის განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
14 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი ხელს აწერს უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.
14 / მაისი 2024
საქართველოს პარლამენტში ე.წ აგენტების კანონის მიღებას ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტი რადიკალურად ცვლის საქართველოს საგარეო ვექტორს
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.