ბიძინა ივანიშვილი აფხაზურ მხარეს საქმიანი წინადადებით მიმართავს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის
მოსახლეობას მაღალი კლასის სასტუმროსა
და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს. მან ამის შესახებ დღეს
ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ისაუბრა.
"დღეს განმუხურში გაიხსნება მშენებლობა. იქ თანაინვესტირების ფონდის
დაფინანსებით აშენდება უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი ხაზის.
სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი "ქართუ"
დააფინანსებს. ამასთან დაკავშირებით მინდოდა შეთავაზება გამეკეთებინა
ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან
წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი
კეთილი ნება იქნება და ასევე, გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს გამყოფ
ხაზს იქით. მოგება მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის
განვითარებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის
აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა ნდობის აღდგენას", -
განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, იყო მცდელობა აფხაზური მხარისთვის ეს წინადადება
მიეწვდინათ, თუმცა საპასუხო რეაქცია მისთვის უცნობია.
"მე არ ვფიქრობ, რომ ამას პოზიტიურის გარდა სხვა რაიმე შეფასებების
მოჰყვეს", - დასძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები