რეგიონი
საქართველოს ეროვნული პლატფორმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს ეროვნული პლატფორმა, წევრი ორგანიზაციების სახელით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს ღია წერილით მიმართავს. წერილში საქართველოს ეროვნული პლატფორმა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს. წერილს პლატფორმის სხვა 93 წევრ ორგანიზაციებს შორის ასოციაცია „ათინათი“ აწერს ხელს. ტექსტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უკეთესი სამართლებრივი სისტემის შექმნისთვის მნიშნელოვანია დაბალანსებული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება.

რადიო „ათინათი“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების სახელით მოგმართავთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტთან დაკავშირებით.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ყველა ეტაპზე, სხვადასხვა მიმართულებით პროგრესის მიუხედავად გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა სამართლიანი საარჩევნო გარემოს და საარჩევნო სისტემის დამკვიდრება. ისეთი სისტემის, რომელიც მაქსიმალურად ადექვატურად ასახავდა საზოგადოების პოლიტიკურ განწყობას და მხარდაჭერას პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. პრობლემის გადაუწყვეტელობა განაპირობებდა შენიშვნებს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებული არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების მხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოებისაგან. ამასთან, პარტიული სისტემის განუვითარებლობის და ამომრჩევლის პოლიტიკური აპათიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სამართლიანი საარჩევნო გარემოს არარსებობაში შეიძლება მოიძებნოს.

მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებების პროცესში შესაძლებელი გახდა პარლამენტის მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით დაკომპლექტებაზე საწყისი გადაწყვეტილების მიღება, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია და იმედია ასეთივე იქნება საბოლოო გადაწყვეტილებაც კონსტიტუციის მიღებისას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც გახდება სამართლიანი საარჩევნო გარემოს საფუძველი, სრულად აისახოს კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პარლამენტის ფორმირების წესის შეცვლას, არამედ პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციული მანდატების მიკუთვნებას.

ამის გათვალისწინებით, საჭიროდ მიგვაჩნია კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში მითითებული მუხლი 37 გადაისინჯოს და შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან. კანონპროექტის ჩანაწერიში მუხლი 37 გულისხმობს შემდეგს: 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.

5. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

6. პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

წარმოდგენილი პროექტით უქმდება შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე (მუხლი 37, პუნქტი 2), რაც შეესაბამება პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას. ამ მოთხოვნის მიზანი იყო პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობა.

სამწუხაროდ, საპარლამენტო მანდატების განაწილების წესი (მუხლი 37, პუნქტი 6) ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას. უფრო მეტიც, წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი პრინციპი - თანასწორობის პრინციპი. უფრო კონკრეტულად:
ა) მანდატების განაწილებისთვის გამოიყენება არა მათი პროპორციული განაწილების წესი, მაგალითად, დონდტის (D’Hondt) წესი ან ჰეარის (Hare) კვოტა და უდიდესი ნაშთის წესი, არამედ კვოტა, რომელიც ტოლია არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამის განაყოფისა 150-ზე და გაუნაწილებლად დარჩენილი ყველა მანდატი ეძლევა პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ასეთი კვოტის გამო დიდი იქნება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, რამდენიცაა დაკარგული ხმების პროცენტი. 1995-2016 წლებში ჩატარებული ყველა არჩევნებისას, 5-პროცენტიანი ზღურბლით, დაკარგული ხმები საშუალოდ 20.1% იყო (მაქსიმალური იყო 61.5%, ხოლო მინიმალური - 4.7%). შესაბამისად, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 92 მანდატს მიიღებდა. აშკარაა, რომ ასეთი წესით არსებითად ირღვევა პროპორციულობა და თანასწორობის პრინციპი;

ბ) 5-პროცენტიანი საარჩევნო ზღურბლის შენარჩუნება იწვევს ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილის არჩევანის გაუთვალისწინებლობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს რაოდენობა საშუალოდ 20% იყო. საარჩევნო ზღურბლი 4% რომ ყოფილიყო, დაკარგული ხმების საშუალო რაოდენობა 7.3%-მდე, ხოლო 3% რომ ყოფილიყო, 4.6%-მდე შემცირდებოდა.

5%-იანი ზღურბლის გადალახვას მხოლოდ 2 – 4 სუბიექტი ახერხებდა (4-მა სუბიექტმა მხოლოდ 2-ჯერ გადალახა საარჩევნო ზღურბლი). ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სუბიექტთა უმრავლესობა საარჩევნო ბლოკის სახით გამოდიოდა. ზღურბლის 3%-მდე შემცირების შემთხვევაშიც კი მაქსიმუმ 7 სუბიექტი შეძლებდა მის გადალახვას;

გ) საარჩევნო ბლოკების აკრძალვა ჯერ კიდევ სუსტი პარტიული სისტემის, მწირი ფინანსური რესურსებისა და 5%-იანი ზღურბლის პირობებში მკვეთრად გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას, ხოლო მანდატების განაწილების წარმოდგენილი წესი უსამართლო უპირატესობას მისცემს გამარჯვებულ პარტიას.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე არ უჭერენ მხარს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში არსებულ ჩანაწერს, რომელიც ეხება ტექსტში აღწერილ საარჩევნო სისტემას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პარლამენტის მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტების შენარჩუნების პირობით, მანდატების განაწილების წესი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან, ხოლო საარჩევნო ზღურბლი მიზანშეწონილია შემცირდეს 3 ან 4 პროცენტამდე.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უკეთესი სამართლებრივი სისტემის შექმნისთვის მნიშნელოვანია დაბალანსებული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, ამიტომაც თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია წერილში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.