ინტერვიუ
ინტერვიუ ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტთან
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, ორი დღის განმავლობაში სტუმრობდა სამეგრელოს. მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომაგენლებთან. ასევე, შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის წევრებს და მათთან ერთად იმყოფებოდა ენგურის ხიდთან. რა შთაბეჭდილებები დარჩა მას რეგიონის შესახებ, როგორ აფასებს ბრიტანეთის ელჩი კონფლიქტის ზონასთან არსებულ ვითარებას, ასევე, საქართველო - ბრიტანეთის ურთიერთობას, "ბრექსიტის" ფონზე, რა მიმართულებებით გაუწევს ბრიტანეთის საელჩო მხარდაჭერას საქართველოს. ამ საკითხებზე ჯასტინ მაკენზი სმიტი რადიო "ათინათს" ესაუბრა.

რადიო "ათინათი": ბატონო ელჩო, მადლობას მოგახსენებთ, რომ დაგვითმეთ დრო. თუ არ ვცდები, პირველად იმყოფებით სამეგრელოში?

ჯასტინ მაკენზი სმიტი:
დიახ, ეს ჩემი პირველი ვიზიტია სამეგრელოში, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი. მე დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ თბილისში, მაგრამ მე ვაცნობიერებ, რომ თბილისი არ არის მთელი საქართველო, ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუგდიდში, სამეგრელოში ჩამოსვლა, იმისთვის, რომ მეტი ვიცოდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შესახებ.

რადიო "ათინათი" : თქვენ უკვე ორი დღეა იმყოფებით ჩვენს რეგიონში, რა ტიპის შეხვედრები გამართეთ ამ დროის განმავლობაში და რა შთაბეჭდილებებით მიდიხართ სამეგრელოდან?

ჯასტინ მაკენზი სმიტი: ეს არის ჩემი, როგორც ელჩის პირველი ვიზიტი რეგიონში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ადგილზე გავცნობოდი არსებულ ვითარებას. ორი დღეა ზუგდიდში ვიმყოფები, შეხვედრები გავმართე ზუგდიდის საკრებულოს წევრებთან, შევხვდი ზუგდიდის მერს, ასევე მქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები არსებულ და ყოფილ საკრებულოს წევრებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დღეს კი ვეწვიე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისს, რომელიც ასევე ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით. ეს შეხვედრები დამეხმარა, რომ სამეგრელოში არსებულ ვითარებაზე უფრო სწორი სურათი მიმეღო.

რადიო "ათინათი": თქვენ იცით, რომ კონფლიქტურ ზონასთან უშუალო სიახლოვეში ვიმყოფებით, თქვენთვის ცნობილია ბოლო დროს ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესახებ, ვგულისხმობ, საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, როგორ შეაფასებდით ამ სიტუაციას?

ჯასტინ მაკენზი სმიტი: სიტუაცია მართლაც ძალიან ცუდია, უფრო მეტიც, არსებული სიტუაცია მიუღებელია! დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ვეწვიე ენგურის ხიდთან არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარს და საკუთარი თვალით ვნახე, ხალხი როგორ ურთიერთობს ერთმანეთთან არსებული დროებითი გამშვები პუნქტების მიღმა. ეს არის ხელოვნურად შექმნილი ბარიერი და აქვე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ დიდი ბრიტანეთის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია და დიდი ბრიტანეთი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ამ საკითხის მოგვარებაში. კერძოდ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გაეროს, ეუთოს წარმომადგენლებთან საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით და ასევე, ადგილობრივ დონეზე ხელს ვუწყობთ კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგების პროცესს, დიალოგის პროცესის გაგრძელებას და მოქალაქეებს შორის კავშირების აღდგენას. მიმაჩნია, რომ თუ მოქალაქეებს, არასამთავრო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირი დაიკარგა, ამ საკითხის მოგვარება კიდევ უფრო გართულდება. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ვნახე ენგურის ხიდზე არსებული სიტუაცია, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ დიალოგს და კავშირს საზოგადოების წევრებს შორის ალტერნატივა არა აქვს. დიალოგი არის ერთადერთი გზა და ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ.

რადიო "ათინათი": როგორც ვითარდება დღეს საქართველო - ბრიტანეთის ეკონომიკური ურთიერთობები, რამდენად მიმზიდველია ამ თვალსაზრისით, საქართველო ბრიტანეთისთვის, იგეგმება თუ არა რაიმე კონკრეტული ღონისძიებები უახლოეს მომავალში.

ჯასტინ მაკენზი სმიტი: ეკონომიკური კავშირების გაძლიერება არის ბრიტანეთის საელჩოს და ჩემი, როგორც ელჩის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი დიდი ინვესტორი საქართველოში და ამის კარგი მაგალითია ბი პი-ს საქმიანობა საქართველოში. ასევე, საქართველოს წამყვანმა ბანკებმა, "საქართველოს ბანკმა" და "თი ბი სიმ" საგრძნობლად გაზარდეს საკუთარი კაპიტალი დიდ ბრიტანეთში. ეს კი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქართულ - ბრიტანულ ბიზნესებს მჭიდრო კავშირები აქვთ ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი და სწორედ ამას ვცდილობთ ჩვენც, რომ ეს ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის კიდევ ურფო გაძლიერდეს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართული ღვინო გავიდა ბაზარზე და დღეს ბრიტანეთის სავაჭრო ცენტრებში შეგიძლიათ ქართული პროდუქციის შეძენა. არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ეს კავშირები კიდევ ურფო გაძლიერდეს და განვითარდეს. სწორედ ამას ვუწყობთ ხელს.

რადიო "ათინათი": როგორ ფიქრობთ, "ბრექსიტი" და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა რაიმე სახით თუ აისახება საქართველო - ბრიტანეთის ურთიერთობებზე?

ჯასტინ მაკენზი სმიტი: ბრიტანელმა ხალხმა რეფერენდუმის გზით ძალიან დიდი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, დაეტოვებინა ევროკავშირი. მესმის, ეს შეიძლება დიდ გაკვირვებას იწვევდეს საქართველოში, რადგან თქვენი ქვეყანა წლების მანძილზე მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი სახელმწიფო. მე მესმის ქართველი ხალხის, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილება, და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთი არის ევროპის ნაწილი, ჩვენ არ ვტოვებთ ისეთ საერთაშორისო გაერთიანებებს, როგორიც არის ნატო, ეუთო, გაერო. რაც შეეხება საქართველოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები კიდევ უფორ გაძლიერდება, დიდი ბრიტანეთისთვის საქართველო არის პრიორიტეტული ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება.

რადიო "ათინათი": დავუბრუნდეთ ბრიტანეთის საელჩოს აქტივობებს საქართველოში. რა პრიორიტეტული მიმართულებებით გააგრძელებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოს მხარდაჭერას?

ჯასტინ მაკენზი სმიტი: რამდენიმე პრიორიტეტზე უკვე ვისაუბრე. მაგალითად, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე და დიალოგის მნიშვნელობაზე. სტაბილურობის დამყარების შემდეგ, ბრიტანეთის საელჩოს ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადობა, რაც გულისხმობს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განვითარებას, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას და კრიზისული სიტუაციების ეფექტურ მართვას. კრიზისებში იგულისხმება ყველანაირი კრიზისი, მათ შორის ბუნებრივი თუ ეკოლოგიური კრიზისები. საქართველოს სულ ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა მსგავსი გამოწვევის წინაშე. ჩვენი მიზანია სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოებას დავეხმაროთ ეფექტური ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რათა უფორ კარგად შეძლონ ნებისმიერი სახის კრიზისის მართვა.

და, ბოლოს, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წამოადგენს რეფორმის ხელშეწყობა. როდესაც რეფორმაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობ, იმას, რომ დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საჯარო მმართველობის რეფორმის გატარებაში, საჯარო მოხელეთა სერვისების გაუმჯობესებაში. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს უფრო მიმზიდველი ეკონომიკური და ბიზნეს იდეების გასატარებლად, იმისთვის, რომ დამყარდეს უფრო მეტი კავშირი საქართველოსა და ბრიტანეთს შორის.

25- წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შემდეგ, ყველა დავრწმუნდით, რომ ეს კავშირები შეუქცევადია, ისინი ვითარდება და ეს უკვე მარტო საელჩოს ან რომელიმე ელჩის დამსახურება არ არის. ეს არის ორი ერის დამსახურება. ეს კავშირები არის ყველგან, სპორტის, ხელოვნებისა თუ განათლების კუთხით.

რადიო "ათინათი": ბატონო ელჩო, ძალიან კარგად საუბრობთ ქართულად, საქართველოში ჩამოსვლამდე დაინტერესდით ქართული ენით, თუ აქ ჩამოსვლის შემდეგ დაეუფლეთ მას?

ჯასტინ მაკენზი სმიტი: მადლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ქართული ენა ლამაზი ენაა, ისტორიული. ენა ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, მომავალში, უფრო მეტს ვისწავლი და უკეთ ვისაუბრებ.

რადიო "ათინათი":
მადლობას გიხდით საუბრისთვის!

ჯასტინ მაკენზი სმიტი: მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.