ახალი ამბები
ენგურჰესის ელექტროენერგიის განაწილებისას შესაძლოა, იყოს კორუფციული გარიგება - გიგა ბოკერია
"ევროპული საქართველოს" წევრებმა ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ბრიფინგი გამართეს და შესაძლო კორუფციულ სქემაზე ისაუბრეს. მათ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის განაწილება გააპროტესტეს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი ეთნიკური ქართველების უფლებებს უხეშად არღვევს, საქართველოს ხელისუფლებამ რისკები მაქსიმალურად უნდა შეამციროს და ბერკეტები გამოიყენოს.

"ჩვენ ვართ ახლა ენგურჰესთან, აქედან ძალიან ახლოს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი. ტერიტორია, სადაც არის აპარტეიდული რეჟიმი, სადაც ეთნიკურ ქართველებს მიიჩნევენ როგორც მესამე ხარისხოვან მოქალაქეებს, სადაც ცოტა ხნის წინ ჩვენი მოქალაქე მოკლეს, სადაც ციხეში ზის ადამიანი დროშის დაწვისთვის ცხრა წლით, სადაც კატასტროფული ვითარებაა.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ სანამ დეოკუპაცია არ მოხდება, ეს ვითარება მთლიანად ვერ შეიცვლება, მაგრამ ოკუპაციის პირობებშიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინსტრუმენტები, რომლებიც, ვალდებულია, გამოიყენოს იმისთვის, რომ შეამციროს რისკი ჩვენი მოქალაქეებისთვის", - თქვა მან.

ბოკერიას განმარტებით, ენგურჰესი ერთ-ერთი მოქნილი ინსტრუმენტია სოხუმზე წნეხის გასაზრდელად, მაგრამ მთავრობა არაფერს აკეთებს მისი სწორად გამოყენებისთვის.

"დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ენგურჰესი თითქმის მთლიანად ემსახურება საოკუპაციო რეჟიმს. მოცემული მაქვს გრაფიკი, თუ წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა ბალანსი არაოკუპირებული საქართველოსთვის მოხმარებული ენერგიისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ წართმეული ელექტროენერგიის მოცულობისა.

90-იანი წლების შეთანხმება იყო 60/40-ზე, ეს არ იყო სასურველი ამბავი, მაგრამ ასე განაწილდა. ბოლო წლებში ჩვენ ავედით საშუალოდ 80%-მდე, ამ ხელისუფლების პირობებში, ენგურჰესის 80%, ზოგჯერ მეტიც კი, მიეწოდება საოკუპაციო რეჟიმს", - ხაზი გაუსვა ბოკერიამ.

როგორც ის ამბობს, მსგავსი გადაწყვეტილებები აჩენს კითხვებს და ბადებს ეჭვებს, რამდენად ჯდება სახელმწიფო ინტერესებში ელექტროენერგიის ამ პრინციპით გადანაწილება.

"მტერთან კომპრომისი შეიძლება აუცილებელი გახდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რისთვის აკეთებს ის ხელისუფლება ამას, რომელიც, წესით, ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდეს. რატომ ვაფინანსებთ ენერგიით და რატომ ვაწვდით ჩვენს მტერს ენერგიას, რაში არის ეს გაცვლილი, თუკი იქ მდგომარეობა უარესდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ მკვლელობები გრძელდება და თუ ამისთვის არანაირ ფასს ჩვენი მტერი არ იხდის. აქ ჩნდება ვერსია და ლეგიტიმური ეჭვი, რომ არის პოლიტიკური გარიგება ჩვენს მტერთან ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, ან კომერციული, ანუ კორუფციული გარიგება, რაზეც მრავალი ვერსია გამოითქვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინინგი ხდება და ამისთვის გამოიყენება ელექტროენერგია. აქედან ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ ამ კომერციულ ინტერესში ჩართული არის ვიღაც საქართველოს ხელისუფლებიდან", - გვითხრა მან.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არ უმჯობესდება ვითარება და ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ მთლიანად უნდა ჩაკეტოს ენერგომიწოდების არხი.

"ეს შეგვიძლია ჩვენი ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი ზარალის გარეშე იმიტომ, რომ ისედაც ვაძლევთ თითქმის 100%-ს ჩვენს მტერს.

ნორმალური მთავრობის პირობებში, ამ ვითარებას უნდა იძიებდეს უსაფრთხოების სამსახური, ხომ არ გვაქვს აქ საბოტაჟთან საქმე, ეს კითხვები რიტორიკულად მაინც უნდა დაისვას და იქცეს თემად", - ასე ასრულებს საუბარს ბოკერია.

თავის მხრივ, ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე აფხაზეთი ენგურჰესიდან არა 80%-ს, არამედ 41-42% ელექტროენერგიას მოიხმარს.

"ენგურჰესის წილი საქართველოს ელექტრომომარაგების შეადგენს თითქმის 30-35 %-ს. 80 % რომ მიდიოდეს აფხაზეთში, როგორ იქნებოდა ეს. ყოველ თვე ვითვლით ამ მონაცემებს. დღეისთვის, ამ დროისთვის, დაახლოებით, 58 % საქართველოს სასარგებლოდ, ხოლო 42 % აფხაზეთის. სამწუხაროდ, თანხას არ იხდიან.", - განმარტა მებონიამ.

მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაიწყო გამრიცხველიანება, მაინინგის დახურვა და კონფისკაცია, შარშანდელ პერიოდთან შედარებით კი 350 მლნ კილოვატ-საათით შემცირდა მათ მიერ ენგურჰესის ენერგიის მოხმარება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.