ახალი ამბები
ეს არ არის წმინდა სინოდის განცხადება - მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილზე
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. ამჯერად მან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წერილზე დაწერა და განმარტა, რომ ეს არა წმინდა სინოდის, არამედ, საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადებაა. წერილის შინაარსით, "საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება"." წერილში ვკითხულობთ, რომ "ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას".

მეუფე გრიგოლი ხელისუფლებას უკვე მეორედ მოუწოდებს "აგენტების" კანონის გაწვევისკენ.

"აგენტების" კანონის შესახებ ერთი წლის წინ ჩვენ მომსწრე გავხდით საზოგადოებაში განვითარებული მღელვარებისა და დაძაბულობისა, რაც გამოიწვია საქართველოს პარლამენტში შეტანილი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვებმა. მაშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კეთილგონივრული გადაწყვეტილება, შეაფასა რა შექმნილი მდგომარეობის სირთულე და მოსალოდნელი შედეგები, უკან გაიწვია ეს კანონპროექტი, რაც ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება იყო და საზოგადოებამაც ეს ნაბიჯი სწორად და დადებითად შეაფასა.

დღეს, ერთი წლისთავზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ საზოგადოების მხრიდან უმწვავეს პროტესტს, რაც ამ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას მოჰყვა; ...და კვლავ, ამ საზოგადოების ავანგარდშია ახალი თაობა, შვილებისა და შვილიშვილების თაობა; ადამიანები კი ძირითადად გაიყო ამ კანონპროექტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

გასული წლის მოვლენებისას შეძენილი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა შესაძლო განვითარება მოყვებოდა პარლამენტში ხელახალი განხილვების დაწყებას. ...და მაინც, ეს მოხდა და დღეს სახეზეა მოვლენათა დრამატული განვითარება. ძნელი არ უნდა იყოს იმის განჭვრეტა, თუ რა შეიძლება მოყვეს მდგომარეობის შემდგომ დაძაბვას და ვინ იხეირებს ამით; ამის გამოცდილება ხომ საკმაოდ დაგროვდა უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისგან გვესმის, რომ ამ კანონის მიღმა მოიაზრება ეგზისტენციური, ღირებულებითი საფრთხეები, დაპირისპირება წარსულსა და მომავალს შორის, ორსაუკუნოვან მძიმე გამოცდილებასა და ხალხის ისტორიულ არჩევანს შორის.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაფანტვას და არსებული დაძაბულობის დამშვიდებას ხელი ვერ შეუწყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ (27.04.2024.), რომელშიც ცალსახად არის ნათქვამი: "განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში," რაც არაერთგვაროვნად იქნა აღქმული, რადგან მედიამ და საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს განცხადება ჩათვალა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებად, ხოლო სინამდვილე კი ის არის, რომ ეს იყო საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება და არა საპატრიარქოს განცხადება, ეს არ იყო არც კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება, და, მით უმეტეს, არც წმიდა სინოდის განცხადება, რომელიც აყალიბებს ეკლესიის კრებსით აზრს და პოზიციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ძვირფასო ძმებო და დებო, შვილებო! საქართველოს კონსტიტუცია თქვენ ნამდვილად განიჭებთ პროტესტის გამოხატვის უფლებას, და ამაში ვერავინ შეგეკამათებათ, თუმცა, აქვე გთხოვთ, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ მშვიდობიანი სულისკვეთება, რათა გასაქანი არ მისცეთ იმ ემოციას, რამაც შესაძლოა ძალადობისკენ უგიბიძგოს ადამიანს; თქვენ ისეთ ღირებულებებს დეკლარირებთ, რომ არა თუ შეურაცხყოფა ვინმესი, არა თუ შეგინება, არამედ დიდი შინაგანი რწმენა, სიმშვიდე და მოთმინება გჭირდებათ.

უფალი ბრძანებს, "ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ" (ლკ.11,9-10).
იოანე ოქროპირი ამბობს, - შენ აუცილებლად მიიღებ, თუ მხოლოდ იმას ითხოვ, რისი მოცემა ღვთისათვისაც სასურველია და შენთვისაც მისი მიღება სასარგებლოა.
პატივცემულო პარლამენტის წევრებო, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებო!

ჩვენს თვალწინ მატულობს საზოგადოებრივი პროტესტის დუღილის ტემპერატურა და არავინ არის დაზღვეული გადაცდომისა თუ შეცდომისგან; თქვენ, რა თქმა უნდა, თმენის განსაკუთრებული ვალდებულება გაქვთ, თუმცა გაზრდილ პასუხისმგებლობასთან ერთად, ჩვეულებრივი ადამიანები ბრძანდებით და არც თქვენ ხართ დაზღვეული (ადამიანური ემოციებიდან გამომდინარე!) გადაცდომისგან. უაღრესად მტკივნეულია, როცა ყველა მოღალატეს ეძახის საპირისპირო პოზიციის ადამიანს; ნუთუ ეს არის საქართველო?!
წინა თაობებთან ერთად, უშუალოდ თქვენი დიდი შრომაც არის იმ პერსპექტივის მშენებლობაში, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია გაცხადებული?! ნუ გავხდით სათუოდ ამ მონაპოვარს, და მოსაპოვებელს! ხალხი უფრო დაგაფასებთ, ხოლო თქვენი თაყვანისმცემელნი კი უფრო მეტად იამაყებენ თქვენით; ჩვენ, ყველას გვაერთიანებს მამული, ენა და სარწმუნოება?! მაშ დავეთანხმოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ ტრიადას:
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!

ნუ ჩათვლით ჩემს სიტყვას დიდაქტიკურ შეგონებად, არამედ მიიღეთ როგორც თხოვნა ერთი თქვენი თანამემამულისა და თანამოქალაქისა.
გავუფრთხილდეთ ადამიანს, ერთად ვიზრუნოთ სამშობლოზე და თაყვანი ვცეთ ღმერთს, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა", - წერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.

ფოტო: ხობისა და ფოთის ეპარქია

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
16 / მაისი 2024
ზუგდიდში "აგენტების" კანონის გასაპროტესტებლად დღეს, კვლავ, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან შეიკრიბნენ.
16 / მაისი 2024
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.