სტატია
ლიკვიდირებულია - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ზუგდიდის მერიის შპს-ს სუბსიდირებაზე, რომელმაც არსებობის აუცილებლობა ვერ დაამტკიცა
ზუგდიდის მერიის შპს "აგროსერვისის" დაფუძნების შესახებ პირველად 2016 წელს მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ ისაუბრა. მას შემდეგ ამ შპს-ს შენახვაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა მან 4 წლის შემდეგაც ვერ მოახერხა საკუთარი არსებობის აუცილებლობის დამტკიცება. საკრებულოს ბოლო სხდომაზე მის ლიკვიდაციას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რასაც დაგვიანებულ ნაბიჯად აფასებენ ოპოზიციაში.

მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია ორი შპს-ს "სატყეო მეურნეობა" და "ზედაეწერის აგრარულ–ტექნოლოგიური კოლეჯი" გაერთიანების შედეგად დაფუძნდა. როგორც მაშინ ლაშა გოგია ირწმუნებოდა "აგროსერვისის" მიზანი სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა იქნებოდა და ამ მიმართულებით უამრავი პროექტის განხორციელება იგეგმებოდა. შეუსრულებელი მისიის გამო აღნიშნული შპს კრიტიკის საგანი მალევე გახდა.

პირველად მერიას "არავითარი სარგებლის მომტანი" შპს-ს სუბსიდირების მიზანშეუწონლობაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიუთითა. შემდეგ სახელმწიფო აუდიტმა დაასკვნა, რომ "აგროსერვისი" უფუნქციო და დუბლირებული სამსახური იყო. მეტიც, უწყებაში თვლიდნენ, რომ ბიუჯეტიდან თანხები ამ შპს-ზე არაეფექტიანად იხარჯებოდა და თანხის უდიდესი წილი - 98% ხელფასებზე მიდიოდა.

მიუხედავად მსგავსი დასკვნებისა ზუგდიდის მერია არ ჩქარობდა შპს-ს ლიკვიდაციას. სწორედ სახელმწიფო აუდიტის უარყოფითი შეფასების შემდეგ გამოუყვეს "აგროსერვისს" დამატებითი თანხა - 250 ათასი ლარის ოდენობით. საკრებულოზე მერიის ამ მოთხოვნას "ქართული ოცნების" წევრებმა დაუჭირეს მხარი და უმრავლესობის გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხა "აგროსერვისის" ანგარიშზე აღმოჩნდა. მაშინ ეს საკითხი  ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს. "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წევრმა კი თქვა, რომ შპს-სთვის შანსი უნდა მიეცათ, "რათა დაემტკიცებინა მისი არსებობის აუცილებლობა". ამის დამტკიცება "აგროსერვისმა" ვერც 2021 წელს მოახერხა და საკრებულოს ბოლო სხდომაზე მის ლიკვიდაციას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა. "ნაციონალური მოძრაობაში" კი თვლიან, რომ "აგროსერვისი" მერიის ერთადერთი პრობლემა არ არის.

"ბევრი უფუნქციო ა(ა)იპ-ია, რომლის მთავარი მიზანი მხოლოდ აქტივისტების დასაქმებაა და მუნიციპალიტეტისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ზუგდიდის მერია და საკრებულო ქმნიან ა(ა)იპ-ებს, რომლის ფუნქცია გაუგებარია, შემდეგ ათასობით ლარი ბიუჯეტიდან იხარჯება ამათ რჩენაზე, ხელფასებზე. შემდეგ აღმოჩნდება, რომ არ ვარგა და გასაუქმებელია, ამით ზიანი ადგება ბიუჯეტს. არავის არავინ სთხოვა პასუხს გაფლანგულ ფულზე", - ამბობს ენმ-ს წევრი და პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ანა წითლიძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" თვლიან, რომ უფუნქციო შპს-სთვის მუნიციპალიტეტს თანხა არ უნდა გამოეყო. ორგანიზაცია "აგროსერვისის" გაუქმებას მართებულად მიიჩნევს და სხვა ა(ა)იპ-ების და შპს-ების მუშაობის შესწავლასაც ურჩევს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში შპს "ზუგდიდიაგროსერვისმა" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 460 000 ლარი მიიღო, 2020 წელს კი მისი ბიუჯეტი 350 000 ლარს შეადგენდა.

"შპს "ზუგდიდაგროსერვისზე" "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" კვლევა 2020 წლის აპრილში გამოაქვეყნა, შპს-ს საქმიანობაში პრობლემებზე ვწერდით 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაშიც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პოზიციით, მუნიციპალიტეტს შპს "ზუგდიდაგროსერვისი" არ უნდა დაეფინანსებინა, რადგანაც იგი ფაქტობრივად უფუნქციო იყო, არ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს, მისი ფუნქციების ნაწილს კი სხვა საჯარო უწყებები ახორციელებდნენ, არ ჰქონდა საკუთარი შემოსავლები და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებულ სუბსიდიაზე (საშუალოდ 300,000 ლარი) იყო დამოკიდებული. მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტებს, შეისწავლონ, რამდენად წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას მუნიციპალური შპს-ს ან ა(ა)იპ-ის არსებობა. თუკი ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, შექმნან მომსახურებების კერძო სექტორისგან მიღების სისტემა", - ამბობს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ მერიაში, სადაც ამბობენ, რომ "აგროსერვისმა" მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა, თუმცა ფიქრობენ, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით უფრო ეფექტური პლატფორმა უნდა შეიქმნას. რაც შეეხება ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხებს, გაფლანგულად არ თვლიან, თუმცა აქვე იმასაც ამბობენ, რომ შპს-მ საქმიანობის ეფექტიანობის კონკრეტული გეგმა ვერ წარმოადგინა.

"მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წელს შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შპს-ებისა და ა(ა)იპი-ების საქმიანობა. სწორედ, კომისიებთან, ფრაქციებთან ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შპს "აგროსერვისს" წარმოედგინა კონკრეტული გეგმა, რაც მისი საქმიანობის ეფექტიანობას დაადასტურებდა. თუმცა, ვერ მოხერხდა კონკრეტული გეგმის წარმოდგენა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაუქმების შესახებ. ცვლილებები აუცილებელი იყო, უფრო ეფექტური საქმიანობის წარმართვისთვის. რაც შეხება გარკვეული ჯგუფების მოსაზრებას, თითქოს შპს არსებობა დაკავშირებულია თანხების გაფლანგვასთან, ვერ დავეთანხმებით. სხვადასხვა სახელმწიფმო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, "აგროსერვისმა" შეასრულა მნიშვნელოვანი ფუნქცია, თუმცა ვფიქრობთ ამ მიმართულებით შეიქმნას უფრო ეფექტური პლატფორმა. ვინაიდან, ჩვენთან არის როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლება და სოფლის მცხოვრები მოსახლეობისთვის საჭიროა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე, სხვადასხვა სერვისების შეთავაზება და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა", - განმარტავენ მერიაში.

მიუხედავად იმისა, რომ მერიაში შპს "აგროსერვისის" სუბსიდირებაში ბიუჯეტის ფლანგვის ნიშნებს ვერ ხედავენ, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს. "ქართული ოცნების" ოპონენტები თვლიან, რომ სანამ მსგავს საკითხზე ვინმეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თანხის არამიზნობრივი ხარჯვისგან ქალაქის ბიუჯეტი დაცული ვერ იქნება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.