სტატია
შეუსაბამობა დოკუმენტაციაში თუ "დაწუნებული" შემსრულებლები - რატომ ჩაიშალა ზუგდიდის მერიის ტენდერი
რამდენიმე დღის წინ განმუხურში ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებული კონცერტი გაიმართა, რისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მერიის მიერ გამოცხადებულმა ტენდერმა, პირობებმა და შედეგებმა ერთ-ერთი მონაწილისთვის კითხვის ნიშნები გააჩინა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ღონისძიებამდე რამდენიმე კვირით ადრე საკონცერტო ნაწილის ორგანიზებისთვის გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 37 245 ლარი მიუთითეს. დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას 4-5 წევრისაგან შემდგარი ცნობადი, არანაკლებ 4 სტუდიური ალბომის მქონე ინსტრუმენტალური ბენდი უნდა ჩამოეყვანა, რომლის მუსიკალური პროგრამა ინდი ან/და არტ-როკის მიმდინარეობის ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს მოიცავს.

ტენდერში ორმა პრეტენდენტმა - ინდ. მეწარმე ანა ტაბატაძემ და შპს "ჯითი ჰოლდინგმა" მიიღო მონაწილეობა. ტაბატაძემ მუნიციპალიტეტს 28 900 ლარად ჯგუფ "ურსას", ხოლო მისმა კონკურენტმა 36 110 ლარად Bedford Falls-ის ჩამოყვანა შესთავაზა.

8 აგვისტოს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, უფრო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი, ანა ტაბატაძე დისკვალიფიცირდა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო. რაც შეეხება მეორე მონაწილეს, სატენდერო სხდომის ოქმში ვკითხულობთ, რომ ამ შემთხვევაში დოკუმენტაცია სრულყოფილად არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს და საჭიროებდა დაზუსტებას, რისთვისაც საკმარისი დრო არ რჩებოდა. ტენდერი 9 აგვისტოს შეწყდა.

მომდევნო დღეს, 10 აგვისტოს მერიამ გამარტივებული შესყიდვით "ჯითი ჰოლდინგის" მომსახურება 35 990 ლარად შეიძინა. განმარტებაში მითითებულია, რომ შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ტენდერის მიმდინარეობის გაუთვალისწინებელმა გარემოებამ იჩინა თავი.

ინდ.მეწარმე ანა ტაბატაძე, რომელიც ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა, ეჭვობს, რომ მერიამ შესყიდვების პროცესი იმდაგვარად წარმართა, რომ ტენდერში აუცილებლად მისთვის სასურველ კომპანიას გაემარჯვა.

მერიაში რომ "ურსას" ჩამოყვანის წინააღმდეგები თავიდანვე იყვნენ, ეჭვი არ ეპარება დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის წარმომადგენელს თეონა ლალიევსაც. ის მიიჩნევს, რომ ტენდერი ხელოვნურად ჩაშალეს.

"ტექნიკური დოკუმენტის დაუზუსტებლობის გამო მოგვენიჭა დისკვალიფიკაცია. გვქონდა მექანიკური შეცდომა, გეტყვით უფრო კონკრეტულადაც - პირობების მიხედვით უნდა ჩამეტანა ლედ ეკრანი, გვეწერა, რომ ჩამოვიტანდით 15 კვ.მ ან მეტს და ეს ჩაითვალა, როგორც არაზუსტი. ერთი სიტყვის გამო მომცეს დისკვალიფიკაცია. პრობლემა კი იყო ბენდთან დაკავშირებითაც, "ურსა" არ უნდოდათ და ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ. რაღაცა პირადი ინტერესები რომ იკვეთებოდა, მივხვდი. "ხალხის მოთხოვნით და გამოკითხვითო" - ამას პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს. შევთავაზე "ურსა", უფრო მრავალფეროვანი რეპერტუარით, მგონია, რომ ზუგდიდში ბევრს უყვარს. წლებია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყველასი მესმის, მაგრამ თავხედურად, საჯაროდ რომ ფეხს გამოგიკრავენ, არ შეიძლება. ტენდერი არის კონკურენცია, ყველას გვაქვს უფლება მივიღოთ მონაწილეობა და წარვადგინოთ ჩვენი პირობები. გვქონია ისეთი შემთხვევაც, როცა ღონისძიება გააუქმეს, გვითხრეს, რომ კოვიდის გამო, მაგრამ მიზეზი იყო რეალურად ის, რომ ბენდი არ უნდოდათ. ასევე საინტერესოა ის, რომ როგორც კი მოვიგეთ, დაუკავშირდნენ ჩვენი გვერდის ავლით ჯგუფის წევრს და უთხრეს, რომ, აი, თქვენი ჩამოყვანა უნდათ და აკმაყოფილებთ თუ არა მოთხოვნებსო. მოგვიანებით დავურეკე და ვუთხარი, რომ ორგანიზატორი მე ვარ, შელაპარაკებაც მოგვივიდა, ეს ბენდი არ გვინდოდაო მითხრა შესყიდვების სამსახურმა", - ამბობს ივენთ-მენეჯერი.

აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმებიან მერიის შესყიდვების სამსახურში, სადაც განგვიმარტეს, რომ დაზუსტების ეტაპზე პრეტენდენტმა მათი შენიშვნა არ გაითვალისწინა.

"შეუსაბამობა იყო ტექნიკურ დავალებაში. სატენდერო პირობაში გვეწერა, რომ უნდა იყოს კონკრეტული მაჩვენებლები მითითებული. ანუ აპარატურა არანაკლებ ამდენი მოცულობის, ამ მაჩვენებლების, რაც არ გაითვალისწინეს. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვას, ტენდერი შეწყდა, როგორც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, გაფორმდა გამარტივებული წესით. სააგენტოსთან იყო წარდგენილი დოკუმენტაცია შესყიდვის აუცილებლობაზე და გაფორმდა ხელშეკრულება", - გვეუბნება სამსახურის უფროსი ბესიკ ქარდავა.

კითხვაზე რატომ არ გაუფორმდა გამარტივებული შესყიდვა ანა ტაბატაძეს, ის გვპასუხობს:

"აქ იყო კიდევ საუბარი ღონისძიების ფორმატზე და შინაარსზე - ჯგუფზე მაგალითად, შემსრულებლების თაობაზე იყო მოთხოვნები. (ანუ "ურსა" არ იყო მისაღები? - ათინათი) დიახ, ასე შეიძლება გავიგოთ...მე როგორც ვიცი, ეს იყო ახალგაზრდების დაკვეთა. რა ეჭვს აღძრავს ეს? ტენდერში რა მოთხოვნაც იყო, ვერ შეასრულა. მისი (ტაბატაძის) დაუდევრობით მოხდა ეს", - ამბობს მერიის წარმომადგენელი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას თქმით, თუკი კითხვის ნიშნები არსებობს, ამ კონკრეტული ტენდერით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

"კონკრეტულ ტენდერთან მიმართებაში თუკი არსებობს რაიმე სახის კითხვები და ჩნდება ეჭვები მერიის მხრიდან მომსახურების მიმწოდებლის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებასთან დაკავშირებით, ერთის მხრივ, ზუგდიდის მერიამ, როგორც მომსახურების შემსყიდველმა, უნდა გასცეს კითხვებს ამომწურავი პასუხები, ასევე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ იყო თუ არა რამეს სახის კანონდარღვევა", - ამბობს თოდუა.

ორგანიზაციაში შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, ნებისმიერი სახელმწიფო შესყიდვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი მდინარეში გადავარდნილი სამი ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.