სტატია
მარტვილში სკოლის მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა - მერიის და კონტრაქტორი კომპანიის ურთიერთბრალდებები
მარტვილის სკოლებში დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი ხელფასების დაგვიანების გამო გაიფიცა. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე რადიო "ათინათს" უყვება, რომ დასაქმებულების ნაწილს იანვრის და თებერვლის თვის ხელფასები აღებული არ აქვს. ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ მძღოლების დიდი ნაწილი პროტესტში სოლიდარობის ნიშნად ჩაერთო.

"იანვრის და თებერვლის თანხა არ აქვს ზოგს ჩარიცხული და მარტის თანხას ყველა ველოდებით. ზოგს 4 თვის ფული აქვს ასაღები. არავინ არ გვეუბნება, როდის ჩაგვირიცხავენ ფულს. დაგვპირდნენ, მაგრამ ზუსტს ვერაფერს გვეუბნებიან. ჩვენ სხვა მძღოლებს ვუცხადებთ სოლიდარობას და ამიტომ ვდგავართ აქ", - უთხრა რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა გაფიცულმა.

მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან კონტრაქტორმა ინდმეწარმე ზაზა ახალაიამ თანხა სრულად მიიღო. საუბარია იანვარ-თებერვლის ხელფასებზე. მერის თქმით, ზაზა ახალაიამ, რომელიც თავის მხრივ, მძღოლებთან არის ანგარიშვალდებული, ნაკისრი მოვალეობა პირნათლად არ შეასრულა და დასაქმებულებს ხელფასები დაუგვიანა, რაც პროტესტის მიზეზი გახდა.

"კონტრაქტორი კომპანია ხარვეზით ურიცხავს თანხას მძღოლებს, მერიას დავალიანება მათთან მიმართებაში არ აქვს, ჩვენ რა ინფორმაციასაც ვფლობთ, ინდმეწარმეს აქვს დავალიანება. ჩვენ კომპანიას გადავურიცხეთ თანხა, თუმცა პირნათლად არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მე კონტრაქტორსაც ველაპარაკე და მითხრეს, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დავალიანება აქვთ, მძღოლები კი პირიქით ამბობენ, სამწუხაროდ, ჯერ შედეგს ვერ მივაღწიეთ", - უთხრა რადიო "ათინათს" მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ.

ჩვენ კონტრაქტორ კომპანიასაც დავუკავშირდით და ზაზა ახალაიას წარმომადგენელს, იასონ შეროზიას ვესაუბრეთ. მისი თქმით, პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მარტვილის მუნიციპალიტეტმა იანვარ-თებერვლის თანხა დანაკლისით ჩარიცხა. შეროზიას თქმით, კონტრაქტორმა მერიისგან 13 800 ლარით ნაკლები მიიღო. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი ბრალდებას უარყოფს და საპირისპიროს ამტკიცებს.

"პრობლემა საიდან დაიწყო, მაგას გეტყვით. იანვრის თვის მომსახურების თანხა უნდა ჩაერიცხა მერიას 94 000 ლარი და ჩამირიცხეს 13 800 ლარით ნაკლები. მერიისგან დამაკლდა თანხა და აქედან დაიწყო პრობლემები. მე ჩემი პირადი მოზიდული თანხებით შევავსე ეს დანაკლისი ანუ ის თანხა, რომელიც მე მერიამ არ მომცა. მერია როცა ჩამირიცხავს თანხას, იქიდან 10 სამუშაო დღეში უნდა გავცე თანხა. პროტესტი ვისაც უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში მე ვარ. მე წერილობით მათი მხრიდან არ მიმიღია გაფრთხილება, რომ სამუშაოდ არ მიდიან, როგორც ამას ხელშეკრულება ითხოვს. 86 მძღოლია სულ დასაქმებული, დაახლოებით 70 ადამიანი მუშაობს, ხელფასის დავალიანება გვაქვს სულ 6 თუ 7 მძღოლთან. საერთოდ პროტესტში ჩართულია 15-20 დასაქმებული, მათ პროტესტის სამართლებრივი უფლება არ აქვთ", - უთხრა რადიო "ათინათს" იასონ შეროზიამ.

ზაზა ახალაიას წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც მერიისგან მარტის ხელფასების თანხას მიიღებს, საკუთარი მოგების ნაწილიდან მოახდენს გაფიცული მძღოლებისთვის ასანაზღაურებელი ხელფასის გადახდას.

კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი გვიყვება, რომ მერიის მხრიდან დაგვიანებულ თანხასთან დაკავშირებით ინდმეწარმე დავების საბჭოში განცხადებას შეიტანს.

ამ ეტაპზე პროტესტში მძღოლების ნაწილია ჩართული, უმეტესობა კი მუშაობას აგრძელებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.