ახალი ამბები
მერია მოვაჭრეებს პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა - აქცია დაიშალა, ბაზარი გაიღება
ზუგდიდის მერიასთან მოვაჭრეების აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციის მონაწილეებმა მერის მოადგილისგან, ბესიკ ჭეჟიასგან, პრობლემის ერთ კვირაში მოგვარების პირობა მიიღეს. შიდა მოვაჭრეები დათანხმდნენ ბაზრის კარის გაღებაზე, თუმცა, განაცხადეს, რომ პერმანენტული აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ერთი კვირა მომეცითო ბატონმა ბესომ, კვირის ბოლოს დაეტყობაო, ჩვენც ვართ კანონმორჩილი ხალხი და მივდივართ და ვაღებთ, მაგრამ, მანამ, სანამ არ მოწესრიგდება, ბოლო დღემდე, ყოველ დღე ასე შევაწუხებთ მერიას, გზის გადაკეტვა იქნება, თუ ადგილზე აქ მოსვლა... ახლა ვაღებთ ბაზარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარ- ხმალი დავყარეთ", - თქვა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ მაია ლაშხიამ.

ზუგდიდის ბაზარი დილიდან არ გაღებულა, შიდა მოვაჭრეები ბაზრის კართან შეიკრიბნენ და გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. მათი თქმით, მათ მუშაობაში ხელს გარე მოვაჭრეები უშლიან. ისინი მერიასა და შესაბამის სამსახურებს რეაგირებას სთხოვდნენ. შემდეგ აქციის მონაწილეებმა მერიასთან გადაინაცვლეს და მერთან მამუკა წოწერიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათთან შესახვედრად მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია გამოვიდა, რომელმაც მოვაჭრეებს აუხსნა, რომ უახლოეს მომავალში მერია აპირებს პრობლემის მოგვარებას შიდა და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით, ალტერნატიული ფართების მოძიებას და ამ ტერიტორიაზე მოვაჭრეების განთავსებას.

ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა მრავალი წელია დგას. ბაზრის გარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებსა და ზუგდიდის მერიას შორის ამ საკითხზე უთანხმოება დღემდე გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება მათ ალტერნატიულ ფართს, ბაზრის შიდატერიტორიას სთავაზობს, თუმცა ამ წინადადებას მოვაჭრეები არ თანხმდებიან, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, იქ მომხმარებელი არ შედის.


Print