ახალი ამბები
არასამთავრობოები ბერიას ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ითხოვენ
ზუგდიდში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზუგდიდში მდებარე ლავრენტი ბერიას ქუჩისთვის ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართეს.

ორგანიზაციების მიერ მამუკა წოწერიასთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ისინი აღნიშნულ საკითხზე ოთხოზორიას ოჯახის წევრებსაც ესაუბრნენ.

„აღნიშნული ინიციატივის ავტორები მოკლული ოთხოზორიას ოჯახის წევრებს ვესაუბრეთ, როგორც აღმოჩნდა, ოთხოზორიები ადრეულ წლებში სწორედ ბერიას ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ეს გარემოება კი საკრებულოს გადაწყვეტილებას, ქუჩას გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს, ორმაგ სიმბოლურ დატვირთვას შეძენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინიციატივის მოტივად ავტორები 2011 წელს მიღებული „თავისუფლების ქარტიას“ ასახელებენ, რომელიც სხვადასხვა ობიექტისთვის კომუნისტური სახელების გადარქმევას და აღმოფხვრას ითვალისწინებს. არასამთავრობოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განხორციელებული ტერორის ავტორების სახელებისგან ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს მით უფრო იმ ფონზე, რომ საოკუპაციო რეჟიმი კლავს უდანაშაულო ადამიანებსაც.

წერილს ზუგდიდში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორისაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საუნჯე“, სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი, თანასწორობის მოძრაობა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, "თანაზიარი", სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია და იურისტი რუსუდან პაჭკორია.


Print