ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ზუგდიდელი ბიზნესმენი თბილისში ფეხით ჩასვლას გეგმავს
ბიზნესმენი მანანა მიქავა თბილისში ფეხით ჩასვლას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს. ზუგდიდიდან მსვლელობა მან დილიდან დაიწყო. როგორც მიქავამ რადიო "ათინათს" უთხრა, ის აპირებს დაადგინოს, არის თუ არა ქართული ოცნების თავმჯდომარე დაინტერესებული ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთით, რის შესახებაც, მისივე განმარტებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ უთხრა.

"თქვენი საქმის უკან ივანიშვილი დგას, არ დაიღალეთ, ამდენს რატომ ირჯებითო მითხრა ჯალაღანიამ. იქვე, ადგილზე დავპირდი ფეხით ჩავალ ივანიშვილთან. ზუგდიდში სამართალს ვერ მივაღწიე. ხელში მიკავია სასამართლო გადაწყვეტილებები, იძახიან მერიის ბალანსზე არიო, ჯერ შემისრულეს სასამართლო გადაწყვეტილებები და დავარღვიე ? გავიგებ, ბიძინა ივანიშვილი ბლოკავს ამ საქმეს, თუ აქ იტყუებიან. ვეტყვი, რომ უნდა დააკავონ ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, რადგან დანაშაულს ფარავენ, კრიმინალები არიან. ამიტომ გადავწყვიტე ფეხით ჩასვლა, თავიდან ბოლომდე მივაწვდენ ხმას რა ხდება ზუგდიდში", - გვითხრა მანანა მიქავამ. 

ბიზნესმენმა რამდენიმე დღის წინ მერიის შენობაში საპროტესტო აქცია გამართა და მერიისგან იმ საბუთების წარდგენა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც მას სადაო მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა. მიქავა ამბობს, რომ დოკუმენტაცია გაყალბებულია და მერიამ აღნიშნული ტერიტორია უსამართლოდ დაიკანონა. ის ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი მერიას გარიგების საფუძველზე დაუთმო, მაგრამ ის მოატყუეს და ტერიტორია სრულად მიისაკუთრეს.

მანანა მიქავა ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, წლებია დაობს. მას ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მიქავას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აკვაპარკი უნდა აეშენებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გაუუქმეს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება, რის გამოც მანანა მიქავა აქციებს პერიოდულად მართავს.

აღნიშნულ ნაკვეთთან დაკავშირებით ედავება გამოძიება ქრთამის აღებას ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელი ბიზნესმენი აქციებს აანონსებს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

ინცინდენტი ზუგდიდის საკრებულოში - ბიზნესმენმა მამუკა წოწერიას წყალი შეასხა (ვიდეო)

მანანა მიქავამ სამხარეო ადმინისტრაციასთან კარავი გაშალა (ფოტო)

ზუგდიდში "ქართული ოცნების" შტაბთან აქცია დასრულდა (ვიდეო)

ბიზნესმენი მაიზერ ნანავასთან შეხვედრას ითხოვს

ზუგდიდელი ბიზნესმენი აპირებს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს (ვიდეო)

მანანა მიქავა: ზუგდიდის მერია 4 მილიონამდე ლარის გადახდას უკანონოდ მთხოვს (ვიდეო)

ზუგდიდის მერი: მანანა მიქავას წინადადების შემოტანა ახლაც შეუძლია (ვიდეო)

ზუგდიდელი ბიზნესმენი ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ.პ.ს. "აკვაპარკს" შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდა

"ლაზიკა კაპიტალთან" დავაში მყოფმა პირებმა ზუგდიდის პროკურატურასთან აქცია გამართეს (video)



Print