ახალი ამბები
ბაზრის მოვაჭრეებმა აქციით მერიასთან გადაინაცვლეს
ზუგდიდის მერიასთან ხმაურია. აქციის მონაწილეები, ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა მოვაჭრეები, მერთან მამუკა წოწერიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათთან შესახვედრად ჩამოვიდა მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, თუმცა ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ მამუკა წოწერიასგან მიიღებენ პასუხებს.

ჭეჟია ცდილობს მათ აუხსნას, რომ უახლოეს მომავალში მერია აპირებს პრობლემის მოგვარებას შიდა და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით, ალტერნატიული ფართების მოძიებას და ამ ტერიტორიაზე მოვაჭრეების განთავსებას. რაც შეეხება იმას, რომ ბაზარი დაკეტილია, მერის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ბაზრის კარი უახლოეს საათებში გაიხსნება, თუმცა, მოვაჭრეები ამაზე თანახმა არ არიან.

ზუგდიდის ბაზარი დილიდან არ გაღებულა, შიდა მოვაჭრეები ბაზრის კართან აქციას მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ მუშაობაში ხელს გარე მოვაჭრეები უშლიან. ისინი მერიასა და შესაბამის სამსახურებს რეაგირებას, ასევე უფლებამოსილ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც ისინი ამბობენ, არაერთხელ მიიღეს პირობა, რომ გარე ვაჭრობა აიკრძალებოდა. 

ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის შიდა მოვაჭრეები განმარტავენ, რომ გარე ვაჭრობის გამო, მათი როგორც ვაჭრობა არის შემცირებული, ასევე პრობლემები ექმნებათ გადასახადებთან დაკავშირებით და არათანაბარ პირობებში მუშაობენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბაზარი მოვაჭრეებს დაკეტილი აქვთ

ვმუშაობთ ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად - მერია შიდა მოვაჭრეების აქციაზე









Print