ახალი ამბები
ზუგდიდში 15 ივლისს ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება
ხვალ, 15 ივლისს, ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. ღვთისმშობლის კვართის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საცავიდან გამობრძანება და მსვლელობა ტრადიციულად 9 საათზე დაიწყება. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, სასულიერო პირები მომლოცველებთან ერთად თავისუფლების მოედანზე, ღვთისმშობლის მოზაიკასთან შეჩერდებიან, შემდეგ კი გადაინაცვლებენ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო ლიტურგიას მეუფე გერასიმე აღავლენს.

"წირვის ბოლოს შუა ტაძარში გადმოაბრძანებენ სიწმინდეს, სადაც უკვე ყველას ექნება საშუალება, მიეახლოს და ემთხვიოს მას, მიიღოს ლოცვა- კურთხევა და მადლი", - უთხრა რადიო "ათინათს" მამა იოანე აკობიამ.

მისივე თქმით, ხვალ ზუგდიდში ელოდებიან სტუმრებს მთელი ქვეყნიდან და უცხოეთიდან, როგორც საერო, ისევე სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს. ამავე ცნობით, ვლაქერნობაზე საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ჩამოსვლა იგეგმება.

ღვთისმშობლის კვართი ტაძარში საღამოს 8 საათამდე იქნება დაბრძანებული.



Print