2025 - 2026 სასწავლო წელს სოხუმში ისევ მოსალოდნელია სირიელი სტუდენტების ჯგუფის ჩამოსვლა. ეს უკვე მეორე ნაკადია, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. ამის შესახებ სირიის არაბთა რესპუბლიკაში „აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა“ მუჰამედ ალიმ განაცხადა.
სირიის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრთან მარუან ალ-ჰალაბთან შეხვედრაზე „მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის კვლევითი თანამშრომლობის საკითხები და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დამასკოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა", წერს „აფსნიპრესი“.
ამავე ცნობით, ელჩმა მუჰამედ ალიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აფხაზ და სირიელ ხალხებს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს“ და რომ სოხუმი „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სირიასთან ურთიერთობების განმტკიცებას და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში“.
საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" , სირიის მაშინდელმა ხელისუფლებამ, 2018 წლის მაისში აღიარა.
2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები