ინტერვიუ
ინტერვიუ "საბა" 2023 წლის გამარჯვებულ გიორგი ხულორდავასთან
აღმოსავლური ლიტერატურით და სპარსული პოეზიით ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას დაინტერესდა, შემდეგ იყო მნიშვნელოვანი შეხვედრები, საუნივერსიტეტო გამოცდილება და მხატვრული თარგმანი.

წელს გიორგი ხულორდავას მიერ თარგმნილი აბდ ორ - რაჰმან ჯამის წიგნი "ბაჰარესთანი" ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტი გახდა "წლის საუკეთესო თარგმანის" ნომინაციაში.


გთავაზობთ რადიო "ათინათის" ინტერვიუს გიორგი ხულორდავასთან.


გიორგი, გილოცავთ გამარჯვებას, წარმატებებს გისურვებთ! სანამ უშუალოდ თქვენს მიერ თარგმნილ თხზულებაზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ, როდის დაინტერესდით ამ მიმართულებით და როგორ აღმოაჩინეთ თქვენთვის სპარსული პოეზია?

დიდი მადლობა! 2015 წელს დავასრულე ბესიკ ხულორდავას სახელობის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა. ახლაც კარგად მახსოვს, ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში დაბეჭდილი გახლდათ საადი შირაზელის ერთი ლექსი, რომლის ქართული თარგმანი ეკუთვნის ნომადი ბართაიას და ეს ლექსი ნიუ იორკში, გაეროს შენობის ფასადზეა განთავსებული, რადგან გამოხატავს ამ ორგანიზაციის სულისკვეთებას:

ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი,
ქმნილება ყველა ერთი არის წინაშე ღმერთის,
დაეკარგება, უსათუოდ, სიმშვიდე ყველას,
თუ კი საწუთრომ გაიმეტა იმათგან ერთიც.

აი, ეს გახლდათ ჩემი პირველი შეხვედრა სპარსულ პოეზიასთან. აუცილებლად უნდა ვახსენო ის ფაქტი, რომ გამოჩენილი ირანისტი და მთარგმნელი მაგალი თოდუა გახლდათ სოფელ სალხინოდან. მქონდა პატივი, მასთან ურთიერთობის, ეს დიდი ბედნიერება იყო, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და გადავწყვიტე, სწავლა აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით გამეგრძელებინა. სხვათა შორის ჩემი თარგმანების ერთ - ერთი წიგნი, არა სადებიუტო, არამედ, ცალკე გამოცემული სპარსული პოეზიის თარგმანები, სწორედ ბატონი მაგალის ნათელ ხსოვნას მივუძღვენი.

ერთი საქმეა, ეუფლებოდე პროფესიას და გატაცებული იყო ამ მიმართულებით, მაგრამ ყველა ირანისტი როდი კიდებს ხელს სალიტერატურო ტექსტების და თხზულებების თარგმნას, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?

თარგმნაც, მართალი გითხრათ, ადრეული პერიოდიდან მაინტერესებდა, თუმცა უკვე სტუდენტობის დროს დავფიქრდი იმაზე, რომ ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე. აუცილებლად უნდა ვახსენო, უნივერსიტეტში ისწავლება უცხო ენების მიმართულებით, მხატვრული თარგმანის თეორია და პრაქტიკა, ჩვენ ამ კურსს ბაკალავრიატზეც და მაგისტრატურაზეც გვიკითხავდა თანამედროვე სპარსული პროზის მთარგმნელი, ქალბატონი მზია ბურჯანაძე. აქ ვეუფლებოდით, როგორც თეორიულ საკითხებს თარგმანის შესახებ, ასევე ვაკეთებდით პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც და ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება. ასევე, მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ამ პერიოდში მოკლევადიანი სასწავლო მივლინებები ირანში, რომლებსაც როგორც წესი, ირანის საელჩოს კულტურის განყოფილება აწყობს.

როგორი იყო დასაწყისი, თქვენს სადებიუტო თარგმანზე გვიამბეთ...

პირველად 2018 წელს დაიბეჭდა, გამომცემლობა ინტელექტმა დაბეჭდა ლექსებისა და თარგმანების კრებული "ცვალებადობა". ეს იყო ერთგვარი სადებიუტო კრებული ... 2020 წელს დაიბეჭდა ჩემი თარგმანების კრებული, რომელიც სპარსული პოეზიის ნიმუშებს აერთიანებს.

"საბაზე" ვისაუბროთ, რამდენადაც ვიცი, კონკურსის ფინალისტი თხზულება, რომელიც სპარსული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშია, პირველად ითარგმნა ქართულად...

უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის დიდი პატივია ვყოფილიყავი ამ კონკურსის ფინალში, ბრწყინვალე, ძალიან მაღალი რანგის მთარგმნელებთან ერთად, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს თარგმანის ხელოვნების განვითარებასა და ზოგადად, ქართულ მთარგმნელობით ხელოვნებაში, დიდი პატივისცემა მათ! რაც შეეხება უშუალოდ ამ თარგმანს, როგორც თქვით, პირველი თარგმანია. საერთოდ, აბდ ორ - რაჰმან ჯამის შემოქმედებას ქართველი მკითხველი იცნობს, მისი პოეტური შემოქმედების ნაწილი გასული საუკუნის 30-იან წლებში თარგმნა ამბაკო ჭელიძემ, შემდგომ კი ცნობილმა ირანისტებმა და მთარგმნელებმა მაგალი თოდუამ, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ჯემალ აჯიაშვილმა, ჯამის პოეზიას გამოკვლევა მიუძღვნა ნომადი ბართაიამ, 1966 წელს, გამოიცა ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები და ცნობილი ირანისტის დავით კობიძის მეშვეობით მომზადდა ჯამის საიუბილეო გამოცემა.

უშუალოდ თხზულებაზე რომ გვითხრათ, რას წარმოადგენს ის და რას მოიცავს "ბაჰარესთანის" ქართული თარგმანი

ეს გახლავთ სპარსული დიდაქტიკური პროზის ცნობილი წიგნი, რომელიც გვევლინება საადი შირაზელის "გოლესთანის" ერთგვარ ლიტერატურულ მემკვიდრედ. ჯამიმ თხზულება შექმნა თავისი მცირეწლოვანი ვაჟის ზია ედ-დინ იუსეფის რჩევა დამრიგებლობითი მიზნით, თუმცა, ძალიან მალე, ეს თხზულება იქცა სახალხო წიგნად მთელ ახლო აღმოსავლეთში. "ბაჰარესთანი " შედგება 8 ბაღისაგან და თითოეულ თავს ჰქვია ბაღი, ზოგადად, ბაჰარესთანი ნიშნავს გაზაფხულის ბაღს. თითოეული ბაღი ეთმობა სხვადასხვა საკითხს. აქ არის შუა საუკუნეების აღმოსავლური მისტიციზმის ცნობილ წარმომადგენელთა მოსაზრებანი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, აქ არის ბრძენთა დიდაქტიკური შეგონებანი, საუბრები სიყვარულზე, გულუხვობაზე, სიქველეზე.

უნდა ითქვას ის, რომ მე - 6 ბაღიდან, რომელიც ეთმობა შუა საუკუნეების იუმორისტულ ნაკვესებს და აღმოსავლურ იუმორს, გვხვდება ცალკეული ეროტიკული და სკაბრეზული პასაჟებიც, რომლებიც ცენზურას ამოღებული ჰქონდა ორიგინალის გამოცემიდან და სხვა გამოცემებიდან მოვიპოვე და ვთარგმნე, ასე რომ, ავტორისეული ტექსტი აღდგენილია მთლიანად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თხზულების მე - 7 თავი, რომელიც მთლიანად ეძღვნება პოეზიას და პოეტებს. აქ ჯამი გვესაუბრება პოეზიის დანიშნულებაზე, გადმოგვცემს მის ეპოქაში არსებულ რწმენა - წარმოდგენებს და დამოკიდებულებას პოეზიის მიმართ და შემდეგ იგი გვთავაზობს პოეტთა ერთგვარ ანთოლოგიას, სადაც რუდაქიდან მოყოლებული ალიშერ ნავოის ჩათვლით, ჩამოთვლის თითქმის ყველა მნიშვნელოვან და შედარებით უცნობ ირანელ პოეტს, იძლევა მათი შემოქმედების გარკვეულ შეფასებას და მოჰყავს მათი თხზულებებიდან ცალკეული მონაკვეთები. ასე რომ, ამ წიგნში მკითხველი გაეცნობა არა მხოლოდ საკუთრივ ჯამის შემოქმედებას, არამედ სხვა ირანელ პოეტთა შემოქმედების ნაწილებსაც, რომელსაც ჯამი იმოწმებს ამ წიგნში.

როგორია რუტინა მხატვრულ თარგმანზე მომუშავე სპეციალისტისთვის, რა დრო მოანდომეთ ამ თარგმანზე მუშაობას?

თითქმის ორი წელიწადი გაგრძელდა, არა მხოლოდ თარგმანზე მუშაობას დასჭირდა ეს დრო, არამედ, ტექსტზე თავიდან მიბრუნებას, შედარებას, დამუშავებას, ვარიანტებს, კომენტარების გაკეთებას... დასჭირდა მაინც ტექსტს საკმაო კომენტარები, რათა ქართველი მკითხველისთვის, აღმოსავლური რეალიები და შედარებით უცნობი ფაქტები, უფრო ნათელი ყოფილიყო ამ გზით. ამან დიდი დრო წაიღო, და ვსარგებლობ შეთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოვახსენო წიგნის რედაქტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ მარინა ალექსიძეს, რომელმაც ეს წიგნი, თარგმანი შეუდარა ორიგინალებს, არაერთი მნიშვნელოვანი რჩევა გამიზიარა. დიდი მადლობა გამომცემლობა არტანუჯს და მწერალსა და გამომცემელს, ზვიად კვარაცხელიას, რომელიც დაინტერესდა ამ წიგნით და რომ არა მისი დაინტერესება, ალბათ არ გამოიცემოდა.

საქართველოში მხატვრული თარგმნის სკოლის ტრადიციების გაგრძელებით რამდენად დაინტერესებულია ახალი თაობა, როგორ ფიქრობთ?

მთარგმნელობითი ხელოვნება ჩვენთან, საბედნიეროდ, ძალიან მაღალ დონეზეა, გვყავს ბრწყინვალე მთარგმნელები, იქმნება მრავალი მნიშვნელოვანი მხატვრული წიგნი, იქნება ეს აღმოსავლური თუ დასავლური ლიტერატურის შესანიშნავი ქართული თარგმანები და ის მთარგმნელები ჩვენგან, მკითხველისგან ძალიან დიდი მადლობას იმსახურებენ.

ძალიან დიდი ტრადიცია არსებობს საქართველოში სპარსული ლიტერატურის თარგმნისა, რომელიც იწყება შუა საუკუნეებიდან. ყველასთვის ცნობილი, მე - 18 საუკუნეში შესრულებული ვისრამიანის ბრწყინვალე თარგმანი, რომელიც ქართული ლიტერატურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, გვაქვს ასევე შაჰნამეს ქართული ვერსიები "ქილილა და დამანას" ქართული შესანიშნავი თარგმანი შესრულებული ვახტანგ VI - სა და სულხან - საბა ორბელიანის მიერ. ეს იყო დიდი ლიტერატურული ტრადიცია, რომელიც მე - 20 საუკუნეში გააგრძელეს სპარსულიდან მთარგმნელებმა, სპარსული ლირიკის თარგმნა, ჩვენში დაიწყო ამბაკო ჭელიძემ, რომელიც არ გახლდათ ირანისტი, ის დაინტერესდა ამ საქმით და შექმნა თარგმანთა პირველი ნიმუშები. შემდგომ გააგრძელეს და ეს საქმე ჭეშმარიტ ლიტერატურულ სიმაღლეზე აიყვანეს მაგალი თოდუამ და ვახუშტი კოტეტიშვილმა. რა თქმა უნდა, ახალი თაობის წარმომადგენლები აგრძელებენ ტრადიციას და ინტერესდებიან მხატვრული თარგმანით და მე მათ წარმატებებს ვუსურვებ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.