მულტიმედია
სიყვარულის 6 ამბავი (ფოტო, ვიდეო)

ვაჟა ლაშხიას და ნათელა კემულარიას ქორწინებიდან 63 წელი გავიდა. ცოლ-ქმარი ყვება, რომ ერთად საინტერესო, სიყვარულით, სითბოთი და ურთიერთმხარდაჭერით სავსე წლები გამოიარეს.


"დედამთილის ხელი ურევია ჩვენს სიყვარულში, მას ძალიან მოვეწონე, მერე ვაჟასაც ჩავუვარდი გულში, პირველად მას შევუყვარდი, თუმცა დიდხანს არაფერს არ მეუნებოდა, მიმალავდა. მერე გამომიტყდა სიყვარულში და მეც შემიყვარდა, რატომ არ უნდა შემყვარებოდა, კოხტა, მაღალი, "აკურატნი" ბიჭი იყო", - ამბობს ნათელა კემულარია.

ის ამაყობს თავის მეუღლით, რომელსაც დღემდე ლექსებს უძღვნის. ხანდაზმულ წყვილს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი ჰყავს.


ნიკა ჭეჟიამ და მარეხ ჯეჯელავამ ერთმანეთი საავადმყოფოში გაიცნეს. ახალგაზრდა ექიმმა სტუდენტი გოგონების ჯგუფში სწორედ ის გამოარჩია და მას შემდეგ ერთად არიან.

,,ახალი დამთავრებული მქონდა სწავლა. დამწყები ექიმი ფანჯრიდან ვიხედები, ეზოში სტუდენტების ჯგუფი იდგა და ერთი გოგონა შევნიშნე, ეს გოგონა აღმოჩნდა მარეხუნა", - იხსენებს ნიკა ჭეჟია.

,,ჩემს თავს ვხედავ მასში",  ამბობს ნიკა მეუღლეზე, რომელთანაც უკვე 14 წელია ცხოვრობს. ცოლ-ქმარი ორ შვილს ზრდის და კარიერაშიც წარმატებულია.

მათი ოჯახური ბედნიერების საიდუმლო მარტივია: ნდობა, პატივისცემა და ურთიერთგაგება.


რომეო ბულია და მაკა გვიჩია ცეკვის სიყვარულმა დააკავშირა. ერთმანეთი ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ჩელაში" გაიცნეს, სიყვარულიც მალევე ეწვიათ, ცოტა ხანში ქორწილიც გადაიხადეს.

"ქუჩაში ფეხით მივდივარ, გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა რომეო, ჩაჯექიო მანქანაში, გამიკვირდა! რა მინდოდა მის მანქანაში! მოტაცება მოინდომა, თუმცა ვერ მოახერხა!" 

- "ცალი ფეხსაცმელი ხომ წამოვიღეთ?" (რომეო).

"ერთ კვირაში დავქორწინდით" , - იხსენებს წყვილი.

უკვე 25 წელია ერთად არიან. ქორწინების დღეს, 10 აპრილს, დღესაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ცეკვა სამივე შვილს შეაყვარეს, ასე რომ ახლა მთელი ოჯახი ქართული ქორეოგრაფიის სამსახურშია.


ახალგაზრდა წყვილი ლაშა ლოგუა და ლალი ტყებუჩავა მეშვიდე წელია, რაც ქორწინებაში არიან. ერთმანეთი სენაკში გაიცნეს, თუმცა ურთიერთობა მაშინვე არ აუწყიათ.

,,მე სენაკში მივლინებით ვიყავი წასული სამსახურიდან. გამოვედი რესტორნიდან და ვნახე სამი ლამაზი გოგო. ზოგადად არ მახასიათებს აქტიურობა ამ კუთხით, იმ დღეს კი რაღაცამ გამოანათა, ,,მივაჭერი" გოგოებთან და გავიცანი, თუმცა არც სახელი და გვარი მითხრა ლალიმ და ასე დავშორდით. გავიდა ერთი წელი. არაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, თუმცა მოულოდნელად ისევ სენაკში შევხდით", - იხსენებს ლაშა ლოგუა.

სიყვარულის ისტორია ლაშას მიერ შესრულებული სერენადით დაიწყო და ქორწილით დასრულდა. ყველაზე დიდი საჩუქარი, ცოლ - ქმარმა 6 წლიანი ლოდინის შემდეგ მიიღო. გასულ წელს მათ პატარა საბა ეყოლათ.


რობერტ აბსანძის
ცხოვრების თანამგზავრი - მანანა კაკულიაა. ახალგაზრდა მხატვარმა  მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იყო. დამეგობრდნენ და რამდენიმე წელიწადში ოჯახიც შექმნეს.

,,სიყვარული არის პატივისცემა, ერთგულება ოჯახის, პიროვნების... სიყვარულს უნდა გაუფრთხილდე პირველ რიგში. ეს არის ადამიანის მიღება ისეთის, როგორიც არის", - ამბობს მანანა კაკულია.

წყვილი 35 წელია ერთად ცხოვრობს. მათ სამი შვილი და ორი შვილიშილი ჰყავთ. ცოლ - ქმარი მხატვარ-კერამიკოსის სახელოსნოშიც ერთად მუშაობს. მანანა კაკულია მეუღლეს საყვარელი საქმის გაძღოლაში ეხმარება.

ნანა შედანიამ და ედუარდ ფარცვანიამ 5 წლიანი მეგობრობის და თანამშრომლობის შემდეგ გადაწყვიტეს შეუღლება. პატარა გოგონამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, ოჯახში დიდი ხალისი შემოიტანა.

,,გაცნობის დღიდან დალაგებული ურთიერთობა გვაქვს, გაწონასწორებული. მივედით იქამდე, რომ დღეს უკვე გვყავს პატარა, მოცქნაფული გოგონა, რომელიც ძალიან ჰგავს მამიკოს. ეს არის იმ ხუთი წლის გზის შედეგი, რაც ერთად გამოვიარეთ", - ამბობს ედუარდი.

დღესაც ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, მათ შორის მოგზაურობა. ეს, წყვილის აზრით, მათ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად ამყარებს და საინტერესოს ხდის.

ნანა შედანია ფიქრობს, რომ სიყვარული ბევრი კარგი შეგრძნების ერთობლიობაა, მათ შორის მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის და ერთმანეთის დაფასების.
Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / მაისი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდში გამართავს.
21 / მაისი 2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ციმინტიების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. სახლის მეპატრონის ინფორმაციით, ცეცხლი გაზის ბალონის
21 / მაისი 2019
აფხაზეთში ოპოზიცია საპროტესტო მიტინგებს მართავს. მას შემდეგ რაც პარლამენტმა მათ მოთხოვნას, გადაიდოს საპრეზინენტო არჩევნები,
საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის
ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს, 19 მაისს, სამი წელი გავიდა.
ტერაბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან.
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.