მულტიმედია
ზუგდიდში 100%-იანი გრანტი 27-მა აბიტურიენტმა მიიღო (ფოტო/ვიდეო)
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებით, 100%-იანი  გრანტი ზუგდიდში, ქალაქისა და სოფლის სკოლების კურსდამთავრებულებმაც მოიპოვეს. სულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად სრული დაფინანსება ზუგდიდის მასშტაბით 27-მა აბიტურიენტმა მიიღო.

ყველაზე მეტი, 11 მოსწავლე 100%-იანი გრანტით მეორე საჯარო სკოლას ჰყავს, 10 მოსწავლე კი - პირველ საჯაროს."წელსაც გაგვახარეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა. 24 მედალოსანი გვყავდა წელს, ეროვნულ გამოცდებზეც განსაკუთრებული მიღწევა გვაქვს - ისევე, როგორც შარშან, წელსაც 11 ბავშვმა მოიპოვა 100% გრანტი. გარდა ამისა, ბევრს აქვს 70-იანი და 50%-იანი  დაფინანსება. ვულოცავ თითოეულ მათგანს, ძალიან გაგვახარეს", - გვითხრა მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბულიამ.
მისივე ინფორმაციით, კურსდამთავრებულების უმრავლესობამ სამედიცინო მიმართულების სასწავლებლებში ჩააბარა. მათ შორის ერთ-ერთი მარი ჭანიაა, რომელმაც სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადაწყვიტა.

"შედეგები რომ ვნახე, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ვფიქრობ, რომ წლების განმავლობაში ბევრი ვიშრომე და შედეგიც ადეკვატური იყო. თუ სკოლაში კარგად სწავლობ, მგონია, რომ ჩასაბარებლად განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდება. თუმცა, თუ გინდა მიიღო კარგი შედეგი, მოიპოვო დაფინანსება, მოხვდე სასურველ ფაკულტეტზე - ბოლო წელი, რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვანია", - მიიჩნევს სტუდენტი.
რაც შეეხება კიდევ ერთ კურსდამთავრებულს, ქეთი ჭურღულიას, მისი განმარტებით, ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად გავიდა. 100%-იანი გრანტის მოპოვების მიუხედავად, ის უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტში მიემგზავრება, სადაც ბიოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლის. 


"ვთვლი რომ ტესტები ადეკვატური სირთულის იყო. გამოცდის ფორმატიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იყო საკითხები, რომელიც გამიჭირდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. რომ ვნახე ბოლო მონაცემები, ძალიან ბედნიერი ვიყავი", - ამბობს ქეთი.

პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლების სირთულეებზე საუბრობს მეშვიდე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე და ოქროს მედალოსანი ნათია გოგუსანია. უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების გამო გამოცდებისთვის მზადება შედარებით გაუჭირდა, თუმცა ეს წინააღმდეგობა წარმატებით დაძლია.

"ონლაინ რეჟიმი რადგან იყო, შედარებით რთული გახდა ჩასაბარებლად მომზადება. გამოცდების მოახლოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ნერვიულობაც მეტი იყო, თუმცა, მთავარია ის, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა. იმ პროფესიას დავეუფლები, რაც ნამდვილად ჩემია", - აღნიშნა ნათიამ.

კახათის სკოლის მოსწავლე ელენე თუზბაია, რომელიც ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც გერმანული ენის გამოცდაზე უმაღლესი - 80 ქულა მიიღო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
"ქულებიდან გამომდინარე ველოდი მსგავს შედეგს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული, ცხადია, არ ვყოფილვარ. შედეგების ნახვისას ზღვა ემოცია გვქონდა მეც და ჩემს ოჯახსაც. ჩემი გეგმები, რა თქმა უნდა, გერმანულთან და გერმანიასთან არის დაკავშირებული. მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემს სკოლაში გერმანულთან დაწყებული ურთიერთობა და მეტად სერიოზული სახე შევძინო მას", - გვითხრა ელენე თუზბაიამ. თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას შეისწავლის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლის კურსდამთავრებული დავით შონია. ფიქრობს, რომ ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე რთული მათემატიკის ჩაბარება იყო და ყველაზე მეტი მონდომებითაც სწორედ ამ საგანში ემზადებოდა. მისთვის სასურველ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად მაღალი კონკურენციაა, თუმცა როგორც თავად ამბობს, გარისკა და შედეგიც მიიღო.

"გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ უკმაყოფილო ვიყავი, რადგან საკმაოდ დიდი სტრესი აღმოჩნდა და მეგონა, ჩემი მაქსიმუმი მაინც ვერ დავდე, მაგრამ მასწავლებელთან ამოცანების გარჩევის შემდეგ მივხვდი, რომ არ იყო "ცუდი" შედეგი. მაინც ვორჭოფობდი, ჩამეწერა თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი. დიდი კონკურენცია მაშინებდა, მაგრამ მშობლებისა და მეგობრების მხარდაჭერით მაინც გავრისკე. ცდად ნამდვილად ღირდა. სკოლას რაც შეეხება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნამდვილად, რადგან მომცა საბაზისო ცოდნა და ის საძირკველი, რომელიც ამ ბოლო წლის განმავლობაში გავამდიდრე და ასეთი შედეგის მიღება შევძელი. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო როგორც ჩემს მეგობრებს, ასევე, მშობლებსა და რაც მთავარია, მასწავლებლებს. მათ სჯეროდათ ჩემი და მე სულ ვცდილობდი მათი იმედები გამემართლებინა", - გვიყვება დავითი. 

რაც შეეხება ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლებში სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე აბიტურიენტებს, მათი რაოდენობა, დირექტორების ინფორმაციით, ასე გადანაწილდა:

პირველი საჯარო სკოლა - 10;

მეორე საჯარო სკოლა - 11;

მესამე საჯარო სკოლა - 1;

მეშვიდე საჯარო სკოლა -1;

მეცხრე საჯარო სკოლა -1;

კახათის პირველი საჯარო სკოლა -1;

პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა -1;

ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია „ჯიჯი“ – 1;


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვებისა და გრანტების განაწილების შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.