მულტიმედია
აფხზური კერძები დევნილი დიასახლისისგან (ფოტო/ვიდეო)
ნინო პერტაია ჯერ კიდევ მეხუთე კლასის მოსწავლე იყო, როცა სოხუმის სკოლაში ერთ-ერთ გაკვეთილზე მასწავლებელმა მას და მის თანაკლასელებს კერძი მოამზდებინა.

ნინოს პროცესი მოეწონა და შეიყვარა. მას შემდეგ მშობლიურ აფხაზეთში აფხაზური კერძების მომზადებას სწავლობდა და სტუმრებსა და ოჯახის წევრებს უმასპინძლდებოდა. ასე იყო 27 წლამდე. მანამ, სანამ სოხუმში ომის გამო სახლის მიტოვებამ არ მოუწია. მას შემდეგ ენგურს გაღმა წასვლაზე ოცნებებობს და მონატრებასა და ნოსტალგიებს აფხაზური კერძების მომზადებით ივსებს.

,,ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება იქ გატარებული წლები, სკოლაში გვასწავლიდნენ, ასეთი საგანი იყო ,,შრომა’’, რომელზეც გოგოები ვაცხობდით ნამცხვარს და ვამზადებდით სხვადასხვა კერძს, მომეწონა ეს პროცესი და სახლშიც ძალიან ხშირად ვკულინარობდი, ფაქტობრივად, დედას შრომა გავუადვილე’’, - გვეუბნება ნინო.
ტრადიციული აფხაზური კერძების მომზადება აფხაზმა მეგობარმა მარინა აცბამ და მისმა დედამთილმა ასწავლა.

ყველგან, სადაც მიდიოდა, ძველ რეცეპტებს ინიშნავდა, დროთა განმავლობაში კი კულინარიული შესაძლებლობები დახვეწა. ამბობს, რომ მეგრული და აფხაზური სამზარეულო თითქმის იდენტურია მცირე განსხვავებებით.

იხსენებს , რომ სოხუმში მის გაკეთებულ მეგრულ კერძებზე ხშირად სხვადასხვა კუთხის მეგობარს ეპატიჟებოდა და ერთმანეთს გასტრონომიულ რჩევებსაც უზიარებდნენ.

„ვიკრიბებოდით სუფრებზე, ვუზიარებდით ერთმანეთს სხვადასხვა გამოცდილებას და რა თქმა უნდა, მეც მაინტერესებდა სხვადასხვა კუთხის კულინარია, ვეკითხებოდი ჩემს აფხაზ მეგობარს მარინას, რამდენადაც შეეძლო მიხსნიდა, ასევე მისი დედამთილი მასწავლიდა, ვიწერდით ძველ რეცეპტებს და ერთმანეთს ვუზიარებდით, მე მეგრულ კერძებს ვუზიარებდი ჩემს აფხაზ მეგობარს, ის აფხაზური კერძების რეცეპტს გვიზიარებდა“, - გვიყვება ნინო.

ნინომ ამჯერად ზუგდიდში გვიმასპინძლა და რადიო ,,ათინათისთვის’’ ტრადიციული აფხაზური კერძები - აბისტა, აყდრცა, ძირძი, არასამგიალ, აშვჩაპანი, ხოზო კვარები მოგვიმზადა და რეცეპტებიც გაგვანდო.
აბისტა - ფერადი ღომი

„მეგრელები თეთრ ღომს მივირთმევთ, აფხაზები უფრო წითელ ღომს. აბისტას მოსამზადებლად საკმარისია ცივ წყალში შევურიოთ ცოტაოდენი სიმინდის ფქვილი, ნელ-ნელა ვურიოთ ხარშვის პარალელურად და გასქელების შემდეგ გაანაწილოთ თეფშებზე. ღომს მიირთმევდნენ ყველთან ერთად, შეიძლება, ყოფილიყო შებოლილი ან ჩვეულებრივი სულგუნი. აფხაზეთში აბისტა ყოველდღიური საჭმელია, მას ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ.

აყრდცა - ლობიო


,,ჯერ ვალბობთ ლობიოს, რომ მალე მოიხარშოს, წყალს გამოვუწურავ, ხელმეორედ დავდგამ და თითქმის უკვე მოხარშულს ვუმატებთ მოშუშულ ხახვს და ცოტა ფქვილს. ეს არის განსხვავება, მეგრელები ფქვილით არ აზავებენ, სჭირდება, ქინძი, ნიახური, ომბალო, ოხრახუში, ამ მწვანილებს რაც შიეძლება ბლომად ჩავაჭრი , კარგად რომ ჩაიხარშება, შემდეგ შეიძლება გავუკეთო მწვანე აჯიკა ან პილპილი, რომ ცოტა სიმწარე მისცეს, ბოლოს მარილს მოვაყრი. რა თქმა უნდა, ისევ მწვანე ხახვი და ისევ მწვანილები, მწვანილებით არის გაჯერებული ეს აღრცა. ქორწილებში იქნებოდა ეს თუ სარიტუალო სუფრისთვის, თითქმის სულ იყო აყრდცა და აბისტა, - გვეუბნება ნინო.

ნინო ყვება, რომ აფხაზების ერთ - ერთი უსაყვარლესი კერძია რძეში მოხარშული ქაცარი. მისივე თქმით, აჯიკას თითქმის ყველა კერძის მომზადებისას იყენებენ.

,,ყველა კერძშია აჯიკა, არის სხვადასხვაგვარი, წითელი, მწვანე, შეიძლება, თეთრიც იყოს და სხვადასხვა ნაირსახეობააა. წითელი აჯიკა გამოიყენება არა მარტო ხორციან კერძებთან, არამედ რძის პროდუქტებთან ერთადაც , ასეთი ერთ-ერთი კერძია ძრძი - მაწონში შეზელილი სუნელი, რომელიც პირველად იქ გავაკეთე’’, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ძრძი - სუნელიანი მაწონი

“გაჩვენებთ ორნაირ ვარიანტს: ეს არის წითელი აჯიკით შეზავებული და მწვანე აჯიკით შეზავებული ძრძი. ვიღებთ მაწონს, ვამატებს წითელ აჯიკას და ვამატებთ მოხარშულ კვერცხს, ძალიან გემრიელია, მარტივად მოსამზადებელია და უხდება ღომს, ასევე, ვიღებთ მაწონს და ვამატებთ ერთ ჭიქა მწვანე აჯიკას, ვის როგორც უნდა. უფრო მწარე თუ გსურთ, მეტი აჯიკა დაამატეთ. შეგიძლიათ, მოხარშული კვერცხი შუაში გაჭრათ და ისე ჩაალაგოთ’’.

არასამგიალ - ნიგვზიანი მჭადი

,,ფერად მჭადის ფქვილს ვუმატებთ 2 ცალ კვერცხს , მარილი, ნახევარი ლიტრი მაწონი ერთი ჩაის კოვზი სოდა შევაზავოთ და შევზილოთ , ერთგვარი კონსისტენცია უნდა გამოვიდეს, კარგად როცა შევაზავებთ, შეიძლება ოდნაც წყალიც ჩავამატოთ, თუ ფქვილი მეტია. ამის მთავარი ინგრედიენტია ნიგოზი... მოკლედ, ასე მოვამზადეთ ცომი და გადავიტანოთ ტაფაზე შესაწვავად.

აშვჩაპანი - გადაზელილი ყველი

ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მარილი, შემდეგ დაჭრილი სულუგუნის ყველი ჩავაწყოთ , გადავზილოთ და სხვადასხვაგვარად გავაფორმოთ, გადაზელილი, გადახდილი ყველი, მეგრელებშიც არის და მას პიტნას უმატებენ.

ხოზო კვარები - სარიტუალო კერძი


ჩვეულებრივი ცომი, რომელსაც გადავზელთ ორჯერ, მარილისა და წყლისგან შედგება, ცოტა მაგარი ცომი უნდა იყოს, შემდეგ რამდენიმე ცალს გავაბრტყელებთ, ერთი აუცილებლად დიდი უნდა იყოს, მრგვალი და დანარჩენი საშუალო ზომის. ცომს გავშლით, შიგნით ჩავდევთ ბლომად ყველს, მოვუკრავთ თავს, გავაბრტყელებთ და ჩავყრით ადუღებულ რძიან ქვაბში.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.